skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი რეგიონებს სტუმრობს და მთავრობის ახალ პროგრამაზე საუბრობს

პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ბოლო ორი დღის მანძილზე სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებს სტუმრობდა და ადგილობრივებს მთავრობის ახალ ოთხწლიან პროგრამას აცნობდა, 26 ივლისს თელავს ეწვია – ქალაქს, რომელსაც გასულ კვირას ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა.

თელავში ადგილობრივებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა პირობა დადო, რომ სტიქიით დაზიანებული ყველა სახლის შეკეთებასთან ერთად მთელი რიგი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც განხორციელდება, რაც თელავს „საქართველოს ყველაზე სანიმუშო გვირგვინად და ქალაქად“ აქცევს.

როდესაც ერთმა ქალბატონმა დაიჩივლა პრეზიდენტთან, რომ მისი სახლის სახურავის შეკეთება ჯერ არავის დაუწყია, სააკაშვილმა უპასუხა, რომ სარემონტო სამუშაოები დაზიანებული სახლების მესამედში ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მან პირობა დადო, რომ "ყველგან მივალთ".

„რომელი მთავრობა რომელ ქვეყანაში მოახერხებდა თუნდაც 70%–ის სახლების [შეკეთების დაწყებას], როგორც ეს ჩვენ მოვახერხეთ? ეს არის ჩვენი მთავრობა, ეს არის ჩვენი ეფექტურობა, ეს არის ჩვენი ერთად დგომა, ეს არის ახალი საქართველო“, – მიმართა სააკაშვილმა ადგილობრივებს თელავში.

იმავდროულად, პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი ასევე სტუმრობს სხვადასხვა რეგიონს, სადაც ადგილობრივებს ხვდება და მთავრობის ოთხწლიან პროგრამას აცნობს.

ჯანდაცვის მინისტრთან ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, პრემიერ–მინისტრი 26 ივლისს თეთრიწყაროს რაიონის ერთ–ერთ ადგილობრივ ოჯახს სტუმრობდა, რომელსაც 6 წლამდე ბავშვებისთვის და პენსიონერებისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი გადასცა. პოლისები ძალაში სექტემბრიდან შევა.

მერაბიშვილმა განაცხადა, რომ სექტემბრიდან ახალი სადაზღვევო პროგრამის ამოქმედების შედეგად სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რაოდენობა 900 000–დან 1.9 მილიონამდე გაიზრდება; მან ასევე განაცხადა, რომ 500 000–ს ადამიანს კერძო კომპანიების მიერ დაფინანსებული სადაზღვევო პოლისები აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუზღვეველი ადამიანების რაოდენობა საქართველოში მოსახლეობის ნახევრამდე შემცირდება.

ხელისუფლება აცხადებდა, რომ უახლოეს გეგმას წარმოადგენდა სახელმწიფო დაზღვევის უზრუნველყოფა ყოველი მეორე მოქალაქისთვის. თუმცა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ყველა მოქალაქე იქნება უზრუნველყოფილი საბაზისო დაზღვევით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა ივნისის შუა რიცხვებში, რომ საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა „მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში“ უნდა იქნას შემოღებული.

25 ივლისს პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი დასაქმების სახელმწიფო მინისტრთან, პაატა ტრაპაიძესთან ერთად თბილისის გარეუბანში მცხოვრებ ერთ–ერთ ოჯახს ესტუმრა, რომლის წევრებსაც უმუშევართა რეგისტრაციის დაწყების შესახებ აცნობა. ასევე 25 ივლისს მერაბიშვილი თიანეთის რაიონის ერთ–ერთი სოფლის ოჯახს სტუმრობდა, სადაც მან პირუტყვის უფასო ვაქცინაციის პროგრამაზე ისაუბრა.

მართალია მმართველ პარტიას ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია კამპანიის დაწყების შესახებ, მაგრამ პარტიის ლიდერები და პოლიტიკური თანამდებობის პირები უკვე თვეებია კამპანიის სტილში შეხვედრებს მართავენ ამომრჩევლებთან. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ანგარიშში ასახული მონაცემებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ივნისში სულ ცოტა 57 ასეთი შეხვედრა გამართეს; "ქართულმა ოცნებამ" 105 შეხვედრა გამართა; ახალმა მემარჯვენეებმა – 34 და ქრისტიან–დემოკრატებმა – 11.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button