
თბილისი 2015 წლის უეფას სუპერთასს უმასპინძლებს
თბილისის მიხეილ მესხის სტადიონი 2015 წელს ევროპის სუპერ თასს უმასპინძლებს, განაცხადა უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა 30 ივნისს.
უეფას სუპერთასი ყოველწლიურად ტარდება, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულსა და უეფას ევროპის ლიგის გამარჯვებულს შორის იმართება. ამ მატჩებს ტრადიციულად 1998 წლის შემდეგ მონაკოს ლუი მეორის სახელობის სტადიონი მასპინძლობდა.
წლევანდელი მატჩი საფეხბურთო კლუბ ჩელსისა და მადრიდის ატლეტიკოს შორის ისევ მონაკოში გაიმართება, თუმცა 2013 წლიდან ეს შეხვედრა სხვადასხვა ადგილებში გაიმართება: მომავალ წელს პრაღის ედენის სტადიონზე, 2014 წელს – კარდიფში, ხოლო 2015 წელს – თბილისში.
წელს საქართველომ და აზერბაიჯანმა განაცხადი შეიტანეს ევროპის 2020 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის მასპინძლობაზე.
30 ივნისს კიევში გამართულ შეხვედრაზე, უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ევროპის 2020 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის მასპინძლობაში დაინტერესებული მხარეებისთვის ვადები დაამტკიცა, განაცხადა რა, რომ 2012 წლის დეკემბრიდან დაწყებული დაინტერესებულმა ფეხბურთის ფედერაციებმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა მოამზადონ და უეფას 2013 წლის სექტემბერში უნდა წარუდგინონ. ამის შემდეგ წარდგენილი განაცხადები შეფასდება და გამარჯვებული მასპინძელი ქვეყანა ან ქვეყნები 2014 წლის მაისში გამოცხადდება.