
NDI–ის მისია წინასაარჩევნო გარემოს შეაფასებს
აშშ–ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მისიას განახორციელებს, განაცხადა კვირას ორგანიზაციამ, რომელიც 1994 წლიდან საქართველოში პოლიტიკური პარტიების განვითარების და დემოკრატიის პროგრამებზე მუშაობს.
"ხელისუფლებასთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების საფუძველზე დელეგაცია შეაფასებს არჩევნებისთვის მზადების პროცესს, წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართული ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს", – ნათქვამია NDI–ის პრეს–რელიზში.
დელეგაციაში, რომელიც 24 ივნისს ეწვია საქართველოს, შედიან: NDI–ის პრეზიდენტი კენეტ ვოლაკი; პერ ეკლუნდი, რომელიც ევროკავშირის ელჩი იყო საქართველოში 2006–2010 წლებში და ამჟამად სტოკჰოლმში უსაფრთხოებისა და განვითარების კვლევის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარია; ყოფილი კონგრესმენი სემ გეჯდენსონი; მისურის შტატის მდივანი რობინ კარნაჰანი და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო.
დელეგაცია საკუთარი დასკვნების შესახებ ანგარიშს მისიის დასრულებისას, 29 ივნისს გამოაქვეყნებს.