ახალი ამბები

სააკაშვილი: კლინტონი კიდევ ვერ გამოვიდა ბათუმის შთაბეჭდილებიდან

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რომელიც ორი კვირის წინ საქართველოს სტუმრობდა, ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა ბათუმის შთაბეჭდილებიდან. 

„ჰილარი კლინტონმა აქ ხომ გვაქო და გვაქო… და კიდევ ვერ გამოვიდა ბათუმის შთაბეჭდილებიდან და კიდევ იუსტიციის სახლი აყავს ცაში“, – განაცხადა სააკაშვილმა 19 ივნისს ერთიანი საგანგებო სამსახურის სატელეფონო მომსახურების თბილისის ახალი ცენტრის "112“–ის მონახულებისას.

მას სავარაუდოდ კლინტონის ის განცხადება ჰქონდა მხედველობაში, როდესაც 12 ივნისს ვაშინგტონში ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას კლინტონმა ისრაელის პრეზიდენტთან შიმონ პერესთან ახლო აღმოსავლეთის შესახებ საუბრისას ბათუმის ვიზიტი გაიხსენა. ირანზე საუბრისას აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ როდესაც ის ბათუმში იმყოფებოდა, რომელიც მისი თქმით, „მინი ლას–ვეგასი ხდება შავ ზღვაზე“, მას უთხრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომ უამრავი ტურისტი ჩადის მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ისრაელიდან.

"მე ვკითხე: ‘და ეგ რანაირად გამოდის?’, – განაცხადა კლინტონმა, „და ის [სახელმწიფო მოხელე] მეუბნება, ‘თუ გვიან ღამით წახვალთ დისკოთეკაზე, იქ მხოლოდ ირანელები და ისრაელელები იქნებიან დარჩენილი’. და ამ ამბის მოსმენიდან ცოტა ხანში, ბათუმში საჯარო [მომსახურების] შენობაში შევედი, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის ერთ–ერთი ყველაზე კრეატიული და შთამბეჭდავი წარმატებაა… ნამდვილად, ეს არის ყველაფერი ერთ ჭერქვეშ. შედიხარ ერთ საჯარო დაწესებულებაში, სადაც შეგიძლია მიიღო ქორწინების მოწმობა, მუშაობის ლიცენზია, პასპორტი. ეს შესანიშნავია. ვათვალიერებდი და მაჩვენეს თანამედროვე ტექნოლოგიური სასწაული. შემდეგ შევედი სავიზო განყოფილებაში, და სამი მამაკაცი გამოიქცა ჩემსკენ და მითხრეს, ‘ჩვენ გვიყვარხართ, გვიყვარხართ. ჩვენ ირანიდან ვართ’. და მე ვუთხარი, ‘ჩვენ ვცდილობთ თქვენთან ურთიერთობები დავარეგულიროთ’.“

მისი თქმით, ირანის ხალხსა და ხელმძღვანელობას შორის „გათიშულობაა“. „უამრავი რამ ხდება ირანის შიგნით და ამიტომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი კვლავ რჩება ზეწოლის განხორციელება, სანქციების დაკისრება და მსოფლიოს გაერთიანება ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ…“, – განაცხადა კლინტონმა.       

Back to top button