ახალი ამბები

ივანიშვილი იმედოვნებს, რომ მასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდება

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნება“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 11 აპრილს, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის გეგმა, რაც მას საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის გარეშე კენჭი იყაროს საპარლამენტო არჩევნებში, „გაუგებარია“.

„მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში იმდენად უხეშია და იმდენად გაუგებარია ის ცვლილებები, რომელსაც ისინი აპირებენ რომ განახორციელონ, რომ ალბათ თვითონვე მიხვდებიან მოგვიანებით და თვითონვე შეჩერდებიან“, – განაცახდა მან და დასძინა, რომ ხელისუფლებამ მას მოქალაქეობა უნდა აღუდგინოს, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ნაცვლად.

ივანიშვილმა ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა მას შემდეგ, რაც აშშ–ის ყოფილ კარიერულ დიპლომატს ფრენკ ვიზნერს შეხვდა. ამჟამად ვიზნერი ლობისტური და იურიდიული კომპანიის Patton Boggs–ის მრჩეველია საგარეო საკითხებში. სწორედ ეს ფირმა დაიქირავა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ. Patton Boggs–ის განცხადებით, ვიზნერი კლიენტებს სტრატეგიულ კონსულტაციას უწევს ბიზნესის, პოლიტიკის და საერთაშორისო სამართლის საკითხებში კომპანიის ვაშინგტონის და ნიუ–იორკის ოფისებიდან.

Back to top button