
ლეიბორისტები ოპოზიციას მოუწოდებენ ავღანეთიდან ქართული ჯარის გაყვანა მოითხოვოს
ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს ხელი მოაწერონ დეკლარაციას, რომელიც მოითხოვს ავღანეთიდან იმ 935 ქართველი სამხედროს გამოყვანას, რომელთა რაოდენობის კიდევ ერთი ბატალიონით გაზრდასაც ხელისუფლება მიმდინარე წელს გეგმავს.
„ის პოლიტიკური პარტია, ვინც ხელს არ მოაწერს ამ დეკლარაციას და თანახმა იქნება ავღანეთში ქართული ჯარის ყოფნისა, არის სააკაშვილზე უარესი და სწორედ მათ სინდისზე იქნება ქართველ ჯარისკაცთა დაღვრილი სისხლი“, – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ 28 თებერვალს.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაცია ISAF-ის ოპერაციაში თავის წვლილს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, რათა დასავლეთის მხარდაჭერა მოიპოვოს საქართველოში „ავტორიტარული მმართველობის“ შესანარჩუნებლად.
ავღანეთში 15 ქართველი სამხედრო დაიღუპა – ყველა მათგანი ჰელმანდის პროვინციაში.
უკანასკნელი ინფორმაცია მსხვერპლის თაობაზე გასულ კვირას გავრცელდა, როდესაც 21 თებერვალს ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას სამი ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლეიბორისტული პარტიის მოწოდებას ქართული პოლიტიკური სპექტრის ძირითადი პარტიები გაითვალისწინებენ, რადგანაც მათ შორის არსებობს კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ საქართველო უნდა მონაწილეობდეს ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში. ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა შესაძლოა მხოლოდ ჯარისკაცთა ოდენობის ირგვლივ არსებობდეს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ პუტინის „ლაქიაა“ ის, ვინც ამბობს, რომ საქართველომ ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.
კითხვაზე ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აპირებს თუ არა გაზარდოს ან შეამციროს ქართული კონტინგენტი ავღანეთში, ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 27 თებერვალს გამოქვეყნებულ ინტერვიუში: „ჩვენთვის საამაყო უნდა იყოს პარტნიორობა ისეთ სახელმწიფოებთან, როგორიც გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო-ს წევრი სხვა სახელწიფოები. ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეძლოს, ღირსეულად შეასრულოს ის მისია, რასაც ეს პარტნიორობა ავალებს“.
„კონკრეტულად სამხედრო კონტიგენტის გაზრდის ან შემცირების საჭიროებას განვიხილავთ, მაგრამ ევროატლანტიკურ სივრცისკენ ლტოლვას ჩვენ არ შევაჩერებთ, პირიქით, გავაძლიერებთ და დავაჩქარებთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ერთი დღით ადრე მისმა პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგაც სამშვიდობო ოპერაციებში ჩვენი შეიარაღებული ძალების მონაწილეობა იქნება ისევე გარანტირებული, როგორც არის დღეს და ეს საკითხი არ გადაისინჯება“.
ერთ–ერთი პარტია, რომელიც სავარაუდოდ შეუერთდება ლეიბორისტული პარტიის დეკლარაციას, კახა კუკავას თავისუფალი საქართველოა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს სამხედრო ყოფნა ავღანეთში „აბსულუტურად გაუმართლებელია“.