ახალი ამბები

მთავრობა ელექტროენერგიის 20–ლარიანი ვაუჩერების დარიგებას იწყებს

ამ კვირაში მთავრობა ელექტროენერგიის 20–ლარიანი ვაუჩერების დარიგებას დაიწყებს, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ისევე როგორც შარშან, 2012 წელსაც ვაუჩერის დარიგება საქართველოში მცხოვრები ყველა, დაახლოებით, 1 200 000–ზე მეტი ოჯახისთვის არის გათვალისწინებული და ამ მიზნით ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან, დაახლოებით, 25 მლნ ლარი გამოიყოფა.

„იმის გამო, რომ გაიზარდა ელექტროენერგიის ხარჯები, პრეზიდენტის დავალებით შევიმუშავეთ ელექტროენერგიის ვაუჩერის პროგრამა“, – განმარტა გილაურმა.

ეს ინიციატივა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გასულ კვირას ბათუმში, ერთ–ერთ ოჯახში სტუმრობისას წამოაყენა. მისი თქმით, განსაკუთრებულად მკაცრი ზამთრის პირობებში 20–30%–ის გაზრდილი ელექტროენერგიის მოხმარების ხარჯი მოსახლეობას ბიუჯეტიდან უნდა აუნაზღაურდეს.

შარშან ელექტროენერგიის 20–ლარიანი ვაუჩერების დარიგების შემდეგ ასევე გაიცა 30–ლარიანი სასურსათო ვაუჩერები. მაშინ მთავრობის ოპონენტებმა გააკრიტიკეს ეს გადაწყვეტილება და განაცხადეს, რომ ამგვარი ნაბიჯები ინფლაციური პროცესების წახალისებას უწყობს ხელს.

Back to top button