
აშშ–ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოს ეწვევა
აშშ–ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში სელესტა ვოლანდერი საქართველოს 22–24 თებერვალს ეწვევა, რათა იანვრის ბოლოს აშშ–სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე მიღწეული შეთანხმების განხორციელება განიხილოს.
„ტექნიკურ ეტაპზე გადავა უკვე კონკრეტული მოლაპარაკებები,“– განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 20 თებერვალს, „უმთავრესად შეხვედრები თავდაცვის სამინისტროში გაიმართება, რათა კონკრეტული მიმართულებები დაიგეგმოს და ჩამოყალიბდეს, თუ რა ფორმით წარიმართება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა“.
მისი ინფორმაციით, სელესტა ვოლანდერი, რომლის ვიზიტიც „ჩვენი გადმოსახედიდან სწრაფად დაიგეგმა“, აშშ–ის მხარის სპეციალურ ჯგუფს უხელმძღვანელებს.
„ამერიკის შეერთებულ შტატებს დიდი ინტერესი აქვს საქართველოში თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობების ამაღლების [კუთხით]“, – აღნიშნა კალანდაძემ.