
ვალერი გელბახიანი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას დააკავეს
ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი, რომელსაც ბრალად ედება სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულება, 20 თებერვალს სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს დააკავეს, იტყობინება შსს.
ვალერი გელბახიანს, აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ერთ–ერთ ხელმძღვანელს 2008 წლის 22 იანვარს შეთქმულების მოწყობაში ბრალი იმ ფარული ვიდეო-ჩანაწერის საფუძველზე წაუყენეს, სადაც გელბახიანი შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მაშინდელ უფროსთან ერეკლე კოდუასთან განიხილავდა 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არეულობის მოწყობის გეგმებს.
თუმცა ბრალის წაყენების მომენტში გელბახიანი უკვე გასული იყო ქვეყნიდან. ბრალდებულ გელბახიანს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2008 წლის 2 თებერვალს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომლის ათვლაც მისი დაკავების დღიდან უნდა დაწყებულიყო. მასზე ძებნა ოფიციალურად იმავე წლის 4 თებერვალს გამოცხადდა.
ერთი კვირის წინ საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან–დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ზაზა ხატიაშვილთან ერთად მზადყოფნა გამოთქვა, რომ თავდებში ჩადგომოდა გელბახიანს, რათა ის ქვეყანაში დაბრუნებულიყო და გამოძიებასთან ეთანამშრომლა. დაკავების შემდეგ, თარგამაძემ გაიმეორა ეს პოზიცია და ორშაბათს დილით გამართულ ბრიფინგზე მომხდარს ხელისუფლების მხრიდან გელბახიანის "პოლიტიკური დევნის გაგრძელება" უწოდა.