
ობამამ საქართველოში აშშ–ის ახალი ელჩი დაასახელა
პრეზიდენტმა ობამამ 17 თებერვალს უზბეკეთში ყოფილი ელჩი, რიჩარდ ნორლანდი საქართველოში აშშ–ის ახალ ელჩად დაასახელა, რომელიც ამ თანამდებობაზე, სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ჯონ ბასს შეცვლის. აშშ–ის ამჟამინდელი ელჩი საქართველოში 2009 წლის ბოლოდან მსახურობს.
დიპლომატიურ სამსახურში 32 წლის სტაჟის მქონე რიჩარდ ნორლანდი 90–იანი წლების დასაწყისში ხანმოკლე დროით საქართველოშიც მსახურობდა აშშ–ის წარმომადგენლის და საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის რანგში.
2007–2010 წლებში უზბეკეთში ელჩობამდე, ნორლანდი, რომელიც ამჟამად ვაშინგტონის ეროვნულ სამხედრო კოლეჯში საერთაშორისო ურთიერთობებში მრჩევლის და ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებს, ორი წლის მანძილზე ქაბულში აშშ–ის საელჩოში მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რიჩარდ ნორლანდმა მისი კარიერის დიდი ნაწილი რუსეთთან და სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან მუშაობას მოახმარა. 80–იანი წლების ბოლოს მას მოსკოვში აშშ–ის საელჩოში პოლიტიკური ოფიცრის თანამდებობა ეკავა.
პრეზიდენტ კლინტონისა და ბუშის ადმინისტრაციებში იგი ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპულ საკითხებს კურირებდა, ხოლო 2003–2005 წლებში ლატვიაში მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.
რიჩარდ ნორლანდი, რომელიც რუსულ, ფრანგულ, ნორვეგიულ და ლატვიურ ენებს ფლობს, 1995–1998 წლებში დუბლინში აშშ–ის საელჩოში პოლიტიკური მრჩეველი იყო.