
გილაური თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ბრიუსელს სტუმრობს
საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური ბრიუსელში გაემგზავრა.
პრემიერ–მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური შეხვედრებს გამართავს ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ კარელ დე გუხტთან, ასევე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან რადოსლავ სიკორსისთან და მოლდოვას პრემიერ-მინისტრთან ვლად ფილატთან.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ „ოფიციალურად დღეიდან ეს მოლაპარაკებები გახსნილად ითვლება“.
„ჩვენ მივესალმებთ ამ ფაქტს ერთის მხრივ და ამავდროულად ეკონომიკური განვითარების მიმართულებით ამას ძალიან დიდი წვლილი და გავლენა ექნება საქართველოს ბაზარზე “ – განაცხადა ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე ნინო კალანდაძემ.
მისი თქმით, პირველი სამუშაო შეხვედრა 2012 წლის იანვარში გაიმართება ექსპერტების დონეზე, რათა „დიალოგი გადავიდეს უკვე კონკრეტულ ჭრილში და ეს მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე აისახოს“.
5 დეკემბრის პრეს–რელიზში ევროკავშირმა განაცხადა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან და მოლდოვასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
„ჩვენ გვსურს დავამყაროთ სტაბილური და მყარი ახლო ეკონომიკური კავშირების ჩარჩო საქართველოსთან და მოლდოვასთან“, – განაცხადა ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში კარელ დე გიუხტმა.