
HSBC Bank Georgia–მ საცალო პორტფელი ბანკ „რესპუბლიკას” მიყიდა
ბანკმა „რესპუბლიკამ“, რომელიც ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია, ბრიტანული ბანკის, HSBC–ის შვილობილი კომპანიის HSBC Georgia-ს საცალო პორტფელი შეიძინა, განაცხადეს ბანკების ხელმძღვანელებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
HSBC–მ საქართველოს ბაზრის წლის ბოლომდე დატოვების გეგმების შესახებ სექტემბერში განაცხადა და ამ გადაწყვეტილების მოტივად მისი სტრატეგია დაასახელა, რომლის ფარგლებშიც ის იმ ბაზრებს ტოვებს, სადაც საბანკო საქმიანობას მცირე მასშტაბით ეწევა.
გარიგების თანხა კონფიდენციალურობის მოტივით არ დასახელებულა, თუმცა HSBC-ის ინფორმაციით, ამ პორტფელის მთლიანი ღირებულება 23 ნოემბრის მდგომარეობით 4.5 მლნ დოლარს შეადგენდა.
ბანკ „რესპუბლიკა“–ს გენერალურმა დირექტორმა კრისტიან კარმანიოლიმ განაცხადა, ბანკი მოხარულია მიიღოს HSBC-ის 170 კლიენტი.
HSBC Bank Georgia–ს გენერალური დირექტორის გაი ლუისის განცხადებით, ბანკი „რესპუბლიკა“ მათ იმ მოტივით შეარჩიეს, რომ ის „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია. „რესპუბლიკა“ ბანკი საქართველოში აქტივების მიხედვით რიგით მეხუთე ადგილზეა.