
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე: ‘შვეიცარიის წინადადებაში რამდენიმე საკითხი დასაზუსტებელია’
რუსეთი იმედოვნებს, რომ მას შემდეგ მიაღწევს შეთანხმებას საქართველოსთან ვმო–ში გაწევრიანების თაობაზე, რაც „დააზუსტებს“ ზოგიერთ საკითხს შვეიცარიელი შუამავლების მიერ წარმოდგენილ წინადადებაში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ არკადი დვორკოვიჩმა 30 ოქტომბერს რუსეთის და შვეიცარიის პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.
„მთელი რიგი საკითხები არსებობს, რომელთაც დაზუსტება სჭირდება“, – განაცხადა დვორკოვიჩმა, „შვეიცარიელი კოლეგები, რომლებიც დღეს თბილისში მიემგზავრებიან, ამ საკითხებს ქართველ კოლეგებთან მოლაპარაკებებზე დააყენებენ. ამ მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაიმართოს დამატებითი სატელეფონო კონსულტაციები შვეიცარიელ შუამავლებსა და რუსულ მხარეს შორის“, – განაცხადა მან 30 ოქტომბერს.
„ვიმედოვნებთ, რომ ყველა საკითხი უახლოეს საათებში შეთანხმდება… რაიმე მნიშვნელოვანი საკითხები არ არის, მაგრამ ზოგიერთ მომენტს დაზუსტება სჭირდება“, – განაცხადა არკადი დვორკოვიჩმა.
„დადებითი გადაწყვეტის შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე მნიშვნელოვან დაბრკოლებებს სამუშაო ჯგუფის მიერ ვმო–ში გაწევრიანებისთვის საჭირო დოკუმენტების მისაღებად“, – განაცხადა მან.
გაურკვეველია, თუ რომელი საკითხების „დაზუსტება“ სურს რუსეთს. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადება იმაზე მიანიშნებს, რომ მოსკოვს შესაძლოა გარკვეული ცვლილებების შეტანა სურდეს შვეიცასიის წინადადებაში, რომელზეც თბილისი გასულ კვირას ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე დათანხმდა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, წინადადების თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებლები კერძო კომპანიიდან „სავაჭრო დერეფნების თავში და ბოლოში განთავსდებიან და მონიტორინგს გაუწევენ რა შედის და რა გამოდის ამ დერეფნებში.” ეს სავაჭრო დერეფნები თავიანთი გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით განისაზღვრება და არა სახელებით, რათა შენარჩუნდეს სტატუსის მიმართ ნეიტრალური მიდგომა. ქართული მხარის ინფორმაციით, კონტრაქტორ კომპანიას ნეიტრალური მესამე მხარე დაიქირავებს.