ახალი ამბები

სააკაშვილი წელს 7%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიოში არსებული „ტენდენციის საწინააღმდეგოდ“, საქართველოს მოუწევს ეკონომიკური ზრდის მონაცემების გადახედვა და წლევანდელი პროგნოზის 7%–მდე გაზრდა.

წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5.%–ს შეადგენს. ანალოგიური მაჩვენებელია გათვალისწინებული 2012 წლის ბიუჯეტის პროექტშიც.

“ჩვენ ალბათ თითქმის 7%–ით გავიზრდებით ეკონომიკურად მაშინ, როცა თურქეთმა 2–ჯერ შეამცირა პროგნოზი, რუსეთმა 2–ჯერ თუ 3–ჯერ შეამცირა პროგნოზი, ევროზონის ქვეყნებში 2–3–ჯერ შემცირდა პროგნოზი – ჩვენ ვიზრდებით მთელი მსოფლიოს ტენდენციის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა მან 19 ოქტომბერს.

“რატომ ვიზრდებით ჩვენ? იმიტომ რომ ჩვენ აღმოგვაჩნდა კონკურენციაში ის უპირატესობა, რაც არ აქვთ სხვებს. პირველ რიგში მაგარი სახელმწიფო აპარატი და არ ქონა კორუფციის“, – განაცხადა სააკაშვილმა სახელმწიფო მოხელეებთან სატელევიზიო შეხვედრაზე.

მისი თქმით, სახელმწიფო აპარატი „გამჭირვალე და ეფექტურია“, რაც უნდა გახდეს „შეუქცევადი“ და „მთელი პოლიტიკური ცხოვრება, საზოგადოებრივი ცხოვრება საქართველოსი უნდა იყოს სუფთა, გამჭირვალე და წესებზე დაფუძნებული“.

მან სახელმწიფო მოხელეებს მიმართა, რომ  ახლა „როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება თქვენი მობილიზაცია და ხალხზე და ჩვენს საზოგადოებაზე უფრო უკეთესი მუშაობა“, რათა გაგრძელდეს რეფორმები.

სააკაშვილის თქმით, საქართველო არ არის რეფორმების საექსპერიმენტო ქვეყანა.

“ყველაფერი კეთდება ხალხის სახელით და ხალხისთვის, ხალხის სახელით გამარტივდა ბიუროკრატია, ხალხის სახელით დავამარცხეთ კორუფცია, ხალხის სახელით ვამარტივებთ ცხოვრებას ძალიან ბევრი ადამიანისთვის და ხალხმა ამას არაერთ არჩევნებზე  – რეფორმების კურსს – დაუჭირა მხარი“, – აღნიშნა მან. 

“მაგრამ როგორც კი მოძრაობა შეჩერდება, მოხდება დაჭაობება. ამიტომ მუდმივ მოძრაობაზე, შემდგომ ცვლილებებზე, შემდგომი რეფორმების გატარებაზე არის ჩვენი ყველას დანიშნულება“, – განაცხადა მან.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „კადრების გამოცვლა მტკივნეული პროცესია“ და აღიარა, რომ ამ კუთხით „ბევრი შეცდომა მოხდა“. „ახლა ჩვენ უფრო ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხებს“, – დასძინა მან.

Back to top button