ახალი ამბები

მედვედევი: აგვისტოს ომი ‘ძალიან მძიმე გამოცდა იყო ჩემთვის’

საქართველოსთან ომმა აჩვენა, რომ რუსეთს „ბრძოლისუნარიანი არმია“ ჰყავს და მოსკოვი „ამ კონფლიქტიდან ღირსეულად გამოვიდა“, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 15 ოქტომბერს.

მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენები მისთვის „ძალიან მძიმე გამოცდა იყო“.

“მე, რა თქმა უნდა, ძალიან იმედი მაქვს იმის, რომ ამგვარი გამოცდები უახლოეს წლებში, ათწლეულებში არ გვექნება“, – განაცხადა მედვედევმა.

მან ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მოსკოვში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე ერთ–ერთმა დამსწრემ, რომლის თქმითაც, ის აგვისტოს ომში იბრძოდა, მადლობა გადაუხადა მედვედევს პრინციპულობისთვის და იმისათვის, რომ ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილება უკან არ წაიღო.

“მე ძალიან ბევრჯერ გამიკეთებია ანალიზი, რა გავაკეთე, როგორ გავაკეთე იმ გავრცელებული წარმოდგენების და გარკვეული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ, რომლებიც წარმოებს ზოგიერთ ქვეყანაში. ეს ტვირთია, ამგვარი გადაწყვეტილების მიღების ტვირთი ყოველთვის აწევს ერთ ადამიანს. რაც არ უნდა მოხდეს, მერე მას ან დაადანაშაულებენ ან, პირიქით, მადლობებს გადაუხდიან“, – განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, იმან, რაც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში გააკეთა, „აჩვენა, რომ შეიარაღებული ძალების განვითარებაში არსებული პრობლემების მიუხედავად, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა, ჩვენ ბრძოლისუნარიანი არმია გვყავს, რომელსაც შეუძლია წესრიგი დაამყაროს და პრაქტიკულად ყველა ძალას პასუხი აგებინოს“.

“და ეს იყო ძალიან სერიოზული გაკვეთილი ყველასთვის, რომლებიც სხვადასხვა გეგმებს ამუშავებდნენ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში და ჩვენი მეზობლების მიმართ“, – განაცხადა მედვედევმა.

„ვფიქრობ, რომ  ყველამ გამოიტანა გაკვეთილები და რუსეთი ამ კონფლიქტიდან გამოვიდა ღირსეულად. იცით, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვისურვებდი სახელმწიფოს არცერთ მეთაურს, ნებისმიერს რუსული სახელმწიფოსისაც და ქართულისაც, საერთოდ პლანეტის ნებისმიერი ქვეყნის  – მიეღოთ ასეთი გადაწყვეტილებები. მაგრამ ხანდახანს გიხდება მათი მიღება და ამისთვის უნდა იყო მზად“, – აღნიშნა მან.

Back to top button