
სააკაშვილი ეშტონს, ალიევს, ესტონეთის და ბულგარეთის პრემიერ–მინისტრებს შეხვდა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კეტრინ ეშტონთან; აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან; ესტონეთის პრემიერ–მინისტრთან ანდრუს ანსიპთან; და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან ბოიკო ბორისოვთან ვარშავში მიმდინარე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პირველ დღეს – 29 სექტემბერს.
საქართველოს ელჩმა ევროკავშირში სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე კეტრინ ეშტონმა დაადასტურა ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არ აღიარებაზე და მიესალმა პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია იმ მოთხოვნების შესრულების გზაზე, რომელიც საჭიროა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.
თბილისი იმედოვნებს, რომ ამ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დაიწყება. სამიტამდე გაკეთებულ განცხადებაში ეშტონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის „მიზანია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება მოლდოვასთან და საქართველოსთან, როგორც კი ისინი შეასრულებენ საჭირო მოთხოვნებს“.
სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ ესტონეთის პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ანდრუს ანსიპმა აღნიშნა პროგრესი, რომელსაც საქართველომ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად მიაღწია და დასძინა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს ამ მოლაპარაკებების წელსვე დაწყებას.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურმა აღნიშნა, რომ ილჰამ ალიევმა ქართველ კოლეგასთან „წარმატებული“ ორმხრივი ურთიერთობები განიხილა.
“ლიდერებმა, ასევე, ენერგოუსაფრთხოების საკითხები განიხილეს და ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, ორი ქვეყნის მომავალზე ისაუბრეს“, – იტყობინება სააკაშვილისა და ალიევის შეხვედრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ამავე ცნობით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ბულგარეთის პრემიერ–მინისტრმა „უფრო მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება“. „შეხვედრისას გადაწყდა, რომ წლის დამლევამდე ორმხრივი ვიზიტები გაიმართება უმაღლეს დონეზე“, – იტყობინება სააკაშვილის პრესსამსახური.