
საქართველოს საგარეო უწყება ლიბიის შესახებ
საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრომ 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ”მიესალმება ლიბიელი ხალხის სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისათვის, რომელიც უკანასკნელ დღეებში გადამწყვეტ სტადიაში შევიდა.”
საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისი ”მხარს უჭერს ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს ძალისხმევებს ქვეყანაში წესრიგისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”, ისევე როგორც ნატო-ს ძალისხმევას ”დიქტატორ კადაფისაგან” დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა.
”ვიმედოვნებთ, რომ ლიბიელ ხალხს მალე მიეცემა საშუალება დაიცვას შელახული უფლებები და გამოხატოს თავისუფალი ნება ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით,” ნათქვამია განცხადებაში. ”საქართველომ, რომელმაც საკუთარ თავზე ბევრჯერ გამოსცადა ომის და შიდა დაპირისპირების დამანგრეველი ძალა, კარგად იცის მშვიდობის და დემოკრატიის ფასი.”