ახალი ამბები

რუსეთთან საზღვრის გახსნა “დადებითი მოვლენაა” – პრეზიდენტი

პრეზიდენტი სააკაშვილი დადებითად აფასებს 1 მარტს რუსეთთან ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნას.

”ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნით რუსეთის ხსნის საზღვარს, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი ჩვენი ტერიტორიის მინიმუმ ამ მონაკვეთზე ცნობს საქართველოს საზღვარს. ამიტომაც სჯობს გვქონდეს ლეგალური ურთიერთობა თუნდაც ამ ერთ მონაკვეთზე,”- განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 2 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

”საბოლოო ჯამში ეს არის დადებითი მოვლენა, რადგან ეს იქნება ერთადერთი ლეგალური, კანონიერი სასაზღვრო პუნქტი, რომელიც იარსებებს ჩვენს ტერიტორიაზე და ამით რუსული მხარე, თუნდაც, არაპირდაპირ აღიარებს, რომ 2005 წლიდან დაწყებულმა რუსული ემბარგოს პოლიტიკამ ვერ გაამართლა,”- აღნიშნა მან.

პრეზიდენტის პრესსპიკერი ასევე გამოეხმაურა იმ პრეტენზიებს, რომელიც საზღვრის გახსნასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების ნაკლებობას უკავშირდება.

”რაც შეეხება ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას მედიის საშუალებით, რაზეც ადგილობრივები და ექსპერტებიც საუბრობენ, იმ პრეტენზიის მიმართ, რომელიც ვლადიკავკაზს და, თუ უფრო დავკონკრეტდებით, რუსეთს გააჩნია სტეფანწმინდის, კობისა და გუდაურის მიმართ, უნდა ითქვას, რომ კრემლს ასეთი პრეტენზია გააჩნია მთელი საქართველოს მიმართ და საქართველოს დედაქალაქის მიმართაც,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

”ყველა ეს განცხადება არის ფსიქოლოგიური სახის და ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლაა, რომელიც პირველ რიგში, მოქმედებს მოსახლეობაზე, მოქმედებს ინვესტორებსა და ქვეყნის განვითარებაზე,”- აღნიშნა მან. 

Back to top button