ახალი ამბები

საარჩევნო სიებზე რეგულარული შეხვედრები გაიმართება

საარჩევნო სიების მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი დარღვევების განხილვის მიზნით ცესკოს ფორმატში რეგულარული შეხვედრები გაიმართება.

”ჩვენ შევთანხმდით, რომ ყოველკვირეულად გვექნება შეხვედრები და განვიხილავთ კონკრეტულ პრობლემებს,”- განაცხადა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ დღეს ცესკოს ფორმატში პარტიებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ამ შეხვედრაზე ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა და მრეწველთა პარტიებმა საარჩევნო სიებში აღმოჩენილი კონკრეტული ხარვეზები წარადგინეს, მათ შორის საუბარი შეეხო სიებში არარსებულ მისამართებზე დარეგისტრირებულ ამომრჩევლებს და ასევე იმ 7 ათასამდე ადამიანს, რომლებიც მესაკუთრეთა განცხადებების საფუძველზე მოიხსნენ რეგისტრაციიდან და მათი ერთიან სიაში დარჩენის საკითხი ღიად რჩება. 

ვაშაძის მტკიცებით, სიებში, რომელიც მისმა სააგენტომ ცესკოს გადასცა, არ არსებული მისამართები არ ფიგურირებს. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს მრეწველთა პარტიის ლიდერი ზურაბ ტყემალაძე.

ცესკოს განცხადებით, ის თითოეულ ფაქტს შეისწავლის და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

იმავდროულად, პარლამენტში იგეგმება ინტერფაქციული ჯგუფის შექმნა, რომელიც საარჩევნო პროცესს გაუწევს მონიტორინგს. ჯგუფში, სავარაუდოდ, საპარლამენტო ოპოზიციის ხუთი და უმრავლესობის ოთხი წარმომადგენელი შევა და მას წინასწარი შეთანხმებით, დეპუტატი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან გურამ ჩახვაძე უხელმძღვანელებს.

”ჩვენ შევეცდებით, რომ ინტერფრაქციული ჯგუფი იყოს ცენტრი, სადაც თავს მოიყრის ყველა ის ძალა, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში არჩვნების ობიექტურად ჩატარებით,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ამ საკითხზე დღეს გამართული კონსულტაციების შემდეგ.

 

Back to top button