skip to content
ახალი ამბები

მიტინგის ახალ წესებსა და არალეტალური ტყვიების დაკანონებაზე მსჯელობა დაიწყო

პარლამენტმა დაიწყო საკომიტეტო მოსმენები საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც პოლიციის მიერ არალეტალური ტყვიების გამოყენების დაკანონებას; მიტინგებისა და მანიფესტაციების წესების გამკაცრებას; და ადმინისტრაციული ჯარიმებისა და პატიმრობის ვადების გაზრდას ითვალისწინებს.

პაკეტში, რომელიც მმართველი პარტიის ოთხი დეპუტატის – პავლე კუბლაშვილის, მურთაზ ზოდელავას, ლაშა თორდიას და კახა ანჯაფარიძის მიერ 29 ივნისსაა ინიცირებული, სამი კანონპროექტი შედის: ცვლილებები პოლიციის შესახებ კანონში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

დეპუტატმა ლაშა თორდიამ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში განხილვაზე 3 ივლისს განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილებები განაპირობა ბოლო სამი თვის მანძილზე ოპოზიციის პერმანენტულ საპროტესტო აქციებზე მიღებულმა გამოცდილებამ. მისი თქმით, ცვლილებების მიღება, რომელიც მეტი კონკრეტიკის შეტანას ითვალისწინებს კანონმდებლობაში, სექტემბრისთვის იგეგმება.

არალეტალური ტყვიების დაკანონება

პოლიციის შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, არალეტალური ტყვიები  ემატება იმ სპეციალურ საშუალებათა ჩამონათვალს, რომლის გამოყენების უფლებაც აქვს პოლიციას.

მოქმედი კანომდებლობით, პოლიციას უფლება აქვს გამოიყენოს: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, ფსიქოლოგიური მოქმედების ზებგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებით გაჩერების საშუალება, წყალსარტყოცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, ძაღლი და ცხენები, ელექტროშოკული მოწყობილობა.

2007 წლის ნოემბრისა და 6 მაისის ოპოზიციურ აქციებზე პოლიციამ არალეტალური ტყვიები მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოიყენა. მაისის ინციდენტზე პოლიციამ თავდაპირველად არალეტალური ტყვიების გამოყენების ფაქტი უარყო, ხოლო მოგვიანებით აღიარა.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, არალეტალური ტყვიების გამოყენებისას, რომლის შედეგადაც 6 მაისის აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა და რიგმა მონაწილეებმა, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებმა და ჟურნალისტებმა თავში ჭრილობები მიიღეს, პოლიციის მხრიდან არ ჰქონია უკანონო ქმედებას ადგილი, რადგან კანონმდებლობა უშვებს იმ სპეციალური საშუალებების გამოყენებას, რომელიც საერთაშორისო ნორმებით აკრძალული არ არის.

იმავდროულად, ცვლილებათა პროექტი ადგენს არალეტალური ტყვიების გამოყენების წესებს, კერძოდ, ”მოქალაქეზე, პოლიციელზე, დაცულ ობიექტებზე თავდასხმის მოსაგერიებლად; საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; დანაშაულის, საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, რათა მან დატოვოს დაკავებული სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს”.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებები

ცვლილებები კრძალავს მიტინგის დროს ტროტუარისა და ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვას ”ხელოვნურად” და ”განზრახ” როგორც მისი მონაწილეების მიერ, ისე ”ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით”.

”სამომავლოდ ნებისმიერ შემთხვევაში ქუჩების გადაკეტვა საკნების ან ნებისმიერი სხვა კონსტრუქციების მეშვეობით იქნება შესაბამისად რეაგირებული და სამართალდამცავი ორგანოები მიიღებენ შესაბამის ზომებს,”- განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

კანონპროექტის თანახმად, ”ხალხის სავალი ნაწილის სრული გადაკეტვა, აგრეთვე ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში”, თუ ხალხის ოდენობა სხვაგვარად მიტინგის განხორციელებას შეუძლებელს ხდის.

ამასთან,  ეს გადაკეტვა უნდა მოხდეს იმ დროის განმავლობაში, როდესაც ამას მოითხოვს შეკრებაზე მისული ხალხის რაოდენობა.

კანონპროექტის თანახმად,  მიტინგი ”უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნისთანავე”, თუ დაირღვა ზემოთ აღნიშნული წესები, ასევე მასობრივად დაირღვა მიტინგის ჩატარების შესახებ წინასწარ დეკლარირებული ვადები და ადგილმდებარეობა, მონაწილეებს მასობრივად აღმოაჩნდათ იარაღი, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ – პარალიტიკური მოქმედების და მომწამვლელი ნივთიერებანი და ალკოჰოლიანი სასმელები;  და ასევე გაისმა მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც წარმოადგენს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. 

იმავდროულად, კანონპროექტს მცირე დაზუსტება შეაქვს მოქმედ წესებში და განსაზღვრავს იმ შენობებს, რომლებშიც ან მათი შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში იკრძალება მიტინგის ჩატარება.  აქ სიახლეს მხოლოდ შენობების შესასვლელიდან 20 მეტრიანი რადიუსის ათვლის წესი წარმოადგენს.

აღნიშნული აკრძალვა ვრცელდება შემდეგ დაწესებულებებზე: პარლამენტი; პრეზიდენტის რეზიდენცია; საკონსტიტუციო სასამართლო; უზენაესი სასამართლო; საერთო სასამართლოები; პროკურატურა; პოლიცია; სასჯელთა აღსრულებისა და  სამართალდამცავი ორგანოები; სამხედრო ნაწილები და ობიექტები; რკინიგზის სადგურები; აეროპორტები; პორტები; საავადმყოფოები; დიპლომატიურ დაწესებულებები; სამთავრობო დაწესებულებები, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, შრომის უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმის ან შეიარაღებული დაცვის მქონე საწარმოები და ორგანიზაციების შენობები.

ადმინისტრაციული სანქციები

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტში მთავარ სიახლეს წარმოადგენს თავისუფლების აღკვეთის 30 დღიანი ვადის 90 დღემდე გაზრდა და ასევე ჯარიმების გამკაცრება მთელ რიგ შემთხვევებში.

ცვლილებების თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციების წესების დარღვევისთვის აქციის მონაწილე დაჯარიმდება 1 000 ლარის, ხოლო აქციის ორგანიზატორი 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმით.

90-დღიანი პატიმრობაა გათვალისწინებული მათზე, ვინც მოახდენს იმ შენობების ”ბლოკირებას”, რომელთა შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში იკრძალება მიტინგების გამართვა; ასევე ჩაატარებს აქციას მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას.

500 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული მათზე, ვინც შესაბამისი ორგანოების ნებართვის გარეშე ადმინისტრაციულ შენობების ფასადებზე და მის სიახლოვეს, ასევე გზის სავალ ნაწილზე გააკეთებს სხვადასხვა სახის წარწერებს და ნახატებს. ამ ქმედების განმეორებით ჩადენისას კი პირი ან 1 000 ლარით დაჯარიმდება ან 30 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას მოიხდის.

მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ახალგაზრდა აქტივისტები ძალზედ ხშირად მიმართავდნენ პროტესტის წარწერებით გამოხატვის ფორმას.

100 ლარის ჯარიმის გადახდა ან 90 დღით ციხეში ჩაჯდომა მოუწევს პირს წვრილმანი ხულიგნობისთვის, რაც გამოიხატება საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებაში, ”მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებაში” და ”სხვა ამგვარ მოქმედებაში, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს”.

დეპუტატ ლაშა თორდიას განცხადებით, ამ წესების ამოქმედების შემდეგ აქციის მონაწილეებს, რომელთაც მომავალში კვერცხების სროლით მოუნდებათ პროტესტის გამოხატვა ანალოგიურად იმ ინციდენტისა, რომელსაც პარლამენტთან 12 ივნისს ჰქონდა ადგილი, 100 ლარის გადახდა ან 90 დღე პატიმრობის მოხდა მოუწევთ.

კანონპროექტში ასევე ასახულია ის გამოცდილება, რომელიც საპროტესტო აქციებში ავტომანქანების გამოყენებას უკავშირდება. ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციამ 6 თვით ჩამოართვა მართვის უფლება ზოგიერთ იმ ოპოზიციის აქტივისტს, რომელმაც თავისი მანქანით 19 მაისს შსს-ის ადმინისტრაციულ შენობასთან კახეთის გზატკეცილის გადაკეტვაში მიიღო მონაწილეობა.

ცვლილებების თანახმად, მართვის უფლების 2 წლის ვადით ჩამორთმევაა გათვალისწინებული იმ მძღოლებისთვის, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გადაკეტავენ გზას ან ჯგუფურად იმოძრავებენ ქალაქსა ან სხვა დასახლებულ პუნქტში.

დეპუტატმა თორდიამ განმარტა, რომ ეს ნორმა გავრცელდება, როგორც იმ ტიპის აქციებზე, რომელიც პირველად ”ვარდების რევოლუციის” დროს, შემდეგ 2007 წლის ნოემბერში და ბოლოს მიმდინარე აქციებზე იყო გამოყენებული რეგიონებიდან საპროტესტო აქციის მონაწილეთა ორგანიზებული საავტომობილო მსვლელობის დროს; ისე ე.წ. ტაქსისტების აქციებზე, რომლებიც აპრილში მიტინგების დაწყების შემდეგ ოპოზიციის წინააღმდეგ, მოთხოვნით გახსნილიყო საკნებით გადაკეტილი ქუჩები, უკვე ორჯერ გაიმართა ორგანიზებულად.

კანონპროექტთა პაკეტი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ ხიდაშელმა უკვე გააკრიტიკა, როგორც ”ფუნდამენტალური უფლებების შეზღუდვისკენ მიმართული” ნაბიჯი. მან ასევე ”დანაშაული” უწოდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის 3 თვემდე გაზრდის გეგმებს.

პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ”ახალი ფორმულირებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან”; ხოლო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა 3 ივლისს კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ყველა წესის სრული დაცვის პირობებში, აქციების ”დიდი ხნით” გაგრძელება შეუძლებელი იქნება.

მსგავსი/Related

Back to top button