ახალი ამბები

რუსეთმა საქართველოში გაეროს მისიის გაგრძელება დაბლოკა

რუსეთმა უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო, რითაც წყდება გაეროს დამკვირვებელთა მისია საქართველოში, რომელიც ბოლო 16 წლის განმავლობაში აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მონიტორინგს ეწეოდა.

გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ აზრი არ ქონდა მისიის მანდატის გაგრძელებას, რადგან ”ის ძველ რეალობებს ეფუძნებოდა“.

კენჭისყრის დროს ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 10 – მომხრე; 1 – წინააღმდეგი და 4 – თავი შეიკავა; უშიშროების საბჭოს სამმა მუდმივმოქმედმა წევრმა – აშშ, საფრანგეთი, ბრიტანეთი – მხარი დაუჭირეს რეზოლუციის პროექტს კენჭისყრის დროს, კიდევ ერთმა მუდმივმოქმედმა წევრმა ჩინეთმა – თავი შეიკავა. ასევე თავი შეიკავეს უშიშროების საბჭოს დროებითმა წევრებმა – ლიბიამ, ვიეტნამმა და უგანდამ.

გაეროს მისიის არსებული მანდატის ვადა თბილისის დროით 16 ივნისის 8 საათზე გადის.

ჯერ კიდევ კენჭისყრამდე, რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ მოსკოვი ვეტოს დაადებდა იმ რეზოლუციის პროექტს, რომელიც აშშ–ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ იყო შემოთავაზებული, რადგან იქ მინიშნება იყო გაკეთებული საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, რადგან პროექტში ნახსენები იყო უშიშროების საბჭოს 2008 წლის აპრილის 1808 რეზოლუცია. ამ უკანასკნელში მხარდაჭერილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. რეზოლუციის პროექტი, რომლის თანაინიციატორებიც ასევე იყვნენ ხორვატია, ავსტრია, გერმანია და თურქეთი, აგრეთვე ითვალისწინებდა მისიის ორკვირიან გაგრძელებას იმ იმედით, რომ მანამდე მოხერხდებოდა სრულმაშტაბიანი რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება.

ჩურკინის თქმით, რუსეთი თავაზობდა დასავლელ პარტნიორებს ე.წ. ტექნიკური რეზოლუციის მიღებას, რომლითაც უბრალოდ მოხდებოდა მისიის მანდატის გაგრძელება 15 ივლისამდე და რომელშიც ნახსენები იქნებოდა წარსულში მიღებული უშიშროების საბჭოს ”შესაბამისი რეზოლუციები“ ყოველგვარი ნორმის მითითების და დაკონკრეტების გარეშე და ასევე ნახსენები იქნებოდა გაეროს გენერალური მდივნის ბოლო მოხსენება აფხაზეთზე. ეს მოხსენება თბილისის კრიტიკის ობიექტი გახდა, იმის გამო რომ მის სათაურში აღარ ეწერა ფრაზა ”აფხაზეთი, საქართველო.“ მასში ასევე აღარ იყო გამოყენებული ტერმინი "და ფაქტო" როდესაც საუბარი იყო აფხაზეთის ხელისუფლებაზე.

იმავდროულად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა 15 ივნისს, რომ საქართველო მყარად დგას თავის პოზიციაზე და იმისდა მიუხედავად, რომ სურს შეინარჩუნოს ”ეს სუსტი და არაეფექტური” მისია, თბილისი არ დაეთანხმება რეზოლუციაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფას.       

”რუსეთმა თქვა: გინდათ შეინარჩუნოთ ეს მისია? მაშინ უარი თქვით მთავარ რამეზე – უარი თქვით რაიმე ლაპარაკზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ,” – განაცხადა სააკაშვილმა მმართველი პარტიის დეპუტატებთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, გაეროს გენერალური მდივნის ბოლო მოხსენებაში სახელწოდების ”აფხაზეთი, საქართველო” გამოტოვება ”იყო პირველი სიგნალი” იმისა, რომ გაეროს სამდივნო ”პრაქტიკულად დაეთანხმა რუსეთის ამ მოთხოვნას”.  მისი თქმით, თბილისის ამგვარი პოზიციის დაგმობის შედეგად შესაძლებელი გახდა აქტიური დიპლომატიური ქმედებების დაწყება დასავლელი მოკავშირეების მიერ, რათა არ დაეშვათ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფის მცდელობების განხორციელება.

”ჩვენ მკაცრად დავაყენეთ ეს საკითხი და მინდა ვთქვა, რომ ამჯერად რუსეთი ვერ შეძლებს იმის მიღწევას, რაც ასე ძალიან უნდოდა,” – დასძინა მან.  

Back to top button