ახალი ამბები

სახალხო დამცველი ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში ადმინისტრაციულ სარჩელს შეიტანს

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი 6 მაისს, 15 საათზე შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეუდგენს სამართალდარღვევის ოქმს იმის გამო, რომ მინისტრმა და სამინისტრომ არ დააკმაყოფილა  მისი ოფიციალური მოთხოვნა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებული ყველა ვიდეო-მასალის გადაცემაზე. 

ამ თხოვნით სუბარმა მერაბიშვილს 10 აპრილს წერილობით მიმართა.

”შინაგან საქმეთა მინისტრმა და სამინისტრომ არ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის მოთხოვნა და არც პასუხი გაუცია,”- ნათქვამია სახალხო დამცველის პრეს-რელიზში 4 მაისს, ”შესაბამისად, დაირღვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მე-4 პრიმა მუხლი – სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა”.

პრეს-რელიზში ასევე ნათქვამია, რომ შს მინისტრი წინასწარ არის ინფორმირებული, რომ ოქმის შედგენაზე მისი დასწრება სავალდებულოა. ”არგამოცხადების შემთხვევაში, სამართალდარღვევის ოქმი შედგება დაუსწრებლად და მინისტრს ასლის სახით გაეგზავნება, ხოლო დედანი გადაიგზავნება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში განსახილველად,”- აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი, რომლის თქმითაც, სანქცია შესაძლოა იყოს ხელფასიდან დაჯარიმება.  

ამასთან, სუბარმა კიდევ ერთხელ მოითხოვა 9 აპრილიდან მოყოლებული აქციების მსვლელობის მთელ პერიოდში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებული ყველა ვიდეო-მასალის მიწოდება.

Back to top button