ახალი ამბები

აპრილიდან მინიმალური პენსია 70 ლარამდე იზრდება

1 აპრილიდან ყველა პენსიონერი გაზრდილ პენსიას მიიღებს 70 ლარის ოდენობით. ამის შესახებ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა.


”მინდა მოგახსენოთ, რომ ყველა სამუშაო, რომელიც ეხებოდა ასაკით პენსიონერებისთვის პენსიების რაოდენობის, მინიმალურ 70 ლარამდე ზრდას, ეს მუშაობა დასრულებულია”, – განაცხადა კვიტაშვილმა. ”ეს გახლავთ მთავრობის 50 დღიანი პროგრამის ფარგლებში… პენსიონერებითვის პენსიის აღება აბსოლუტურად თავისუფლად ყოველგვარი დამატებითი პროცედურების გარეშე იწარმოებს”.


აქამდე მინიმალური პენსია საქართველოში 1 დეკემბრიდან 55 ლარს შეადგენდა. მისი გაზრდა 70 ლარამდე ნავარაუდევი იყო მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან, თუმცა პრეზიდენტის ინიციატივით პენსიების ზრდა აპრილშივე დაიგეგმა.


სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ცნობით, პენსიების გასაცემად აპრილის თვეში ბიუჯეტიდან დამატებით 8 მილიონზე მეტი ლარი გაიცემა, წლის ბოლომდე კი 75 მილიონზე მეტი.
 

Back to top button