ახალი ამბები

ოპოზიცია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციისკენ მოუწოდებს

რვა პარტიისგან შემდგარმა ოპოზიციურმა კოალიციამ მხარდამჭერებს 16 მარტს 6 საათზე პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან აქციის გამართვისკენ მოუწოდა.


”ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამ დღეზე,” – განაცხადა კოალიციის წევრმა გიორგი ხაინდრავამ პარლამენტის წინ დღეს გამართულ აქციაზე.


პარლამენტის წინ მოშიმშილეთა რაოდენობამ 60-ს მიაღწია, განაცხადეს ოპოზიციის ლიდერებმა 13 მარტს.


13 მარტს მეხუთე დღე გახდა მას შემდეგ, რაც ხუთმა პოლიტიკოსმა, მათგან სამმა დეპუტატმა, ოპოზიციური კოალიციიდან შიმშილობის აქცია დაიწყო. დანარჩენები მათ მოგვიანებით შეუერთდნენ.


მეოთხე დღეა უკვე რაც ექვსი დეპუტატი ახალი მემარჯვენეებიდან პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მისაღებში შიმშილობს. მათ დაიჩივლეს, რომ ბურჯანაძის მისაღებში, სადაც ღამე ციოდა, პლედების შეტანის უფლება არ მისცეს.


სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, რომელმაც მოშიმშილეები მოინახულა, განაცხადა, რომ ”არაორდინარულია” ისეთი სიტუაცია, რომლის დროსაც დეპუტატს მიზნის მიღწევის ერთადერთ საშუალებად შიმშილობა მიაჩნია.   


”განურჩევლად იმისა, ვინ როგორ პოლიტიკურ შეფასებას აძლევს ამ ფაქტს, ჰუმანისტური პრინციპებიდან გამომდინარე, ვალდებულნი ვართ, მათ მიმართ გამოვიჩინოთ გულისხმიერება,” – განაცხადა სუბარმა ბურჯანაძისადმი მიმართვაში 13 მარტს, ”გუშინ მოვინახულე თქვენს მისაღებში მოშიმშილე დეპუტატები და აღმოჩნდა, რომ მათ არ აძლევენ პლედების შეტანის უფლებას, რათა ღამით გადაიფარონ, რის გამოც შიმშილობას ემატება გაუსაძლისი სიცივეც. დაბეჯითებით გთხოვთ, მოშიმშილეებს მისცეთ საშუალება, შეიტანონ პლედები მაინც, რათა შეექმნათ ელემენტარული ადამიანური პირობები.”
 
დეპუტატებმა ახალი მემარჯვენეებიდან ასევე განაცხადეს, რომ ბურჯანაძის მისაღებში ჟურნალისტბსაც არ უშვებდნენ. თუმცა, ბურჯანაძემ კატეგორიულად უარყო ეს და განაცხადა, რომ მისთვის არ უთხოვიათ ჟურნალისტების შეშვება. მოგვიანებით, მედიის წარმომადგენლები შეუშვეს მისაღებში. ”ჩვენ არ შევწყვეტთ საპროტესტო აქციას, სანამ ხელისუფლებას არ გამოვაფხიზლებთ,” – განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ.


პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილენი 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული ხმებიც ხელახლა გადათვლას ითხოვენ, რასაც, მათი თქმით, მოყვება ხელახალი არჩევნების ჩატარება. ისინი ასევე მოითხოვენ ”პოლიტიკური პატიმრების” გათავისუფლებას და პირობების შექმნას თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად. ახალი მემარჯვენეების მოთხოვნები ძირითადად უკავშირდება მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს. 12 მარტს მათ მიანიშნეს, რომ შეწყვეტდნენ საპროტესტო აქციას და ხელისუფლებასთან დიალოგს განაახლებდნენ, თუ საპარლამენტო უმრავლესობა ჩააგდებდა მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის ახალი წესის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუმცა, გუშინ პარლამენტმა ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. 


ქართული მედიის ცნობით, შიმშილობის აქცია ქუთაისშიც დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის მერიის წინ ოპოზიციის ხუთი აქტივისტი, მათ შორის ერთი დეპუტატი შიმშილობს.

Back to top button