
პარლამენტი რუსეთის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 149 ხმით მიიღო განცხადება, რომელიც აპროტესტებს რუსეთის გადაწყვეტილებას დსთ-ს 1996 წლის ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გამოსვლის თაობაზე, რომელიც აფხაზეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების მოქმედებას არეგულირებს.
”რუსეთის ეს პროვოკაციული ქმედებები ადასტურებს, რომ რუსეთი თავად უკეთებს იგნორირებას დსთ-ს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციას და პატივს არ სცემს მის მიერვე აღებულ ვალდებულებებს და საერთაშორისო ხელშეკრულებებს,”- ნათქვამია განცხადებაში.
დეპუტატები განცხადებას მას შემდეგ მიუბრუნდებიან მეორე მოსმენით მისაღებად, რაც 13 მარტს რუსეთის სათათბირო განიხილავს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართვებს დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.
”დაველოდოთ 13-ს [მარტს] და შეიძლება ეს განცხადება ავიყვანოთ დადგენილების რანგში და იყოს ბევრად უფრო მკვეთრი და სერიოზული ნაბიჯების გადამდგმელი იმისდა მიხედვით რა გვჭირდება, თუმცა ჩვენი ამოცანაა არ წამოვეგოთ პროვოკაციას ”- განაცხადა განცხადების განხილვისას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა, ”საქართველო გააკეთებს ყველაფერს, იმაზე მეტს, რაც შეიძლება ამ დადგენილებაში ჩაიწეროს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა არ მოხდეს არავითარი საშუალებით არავის მიერ”.