
ექვსმა მემარჯვენე დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებში შიმშილობა დაიწყო
ფრაქცია ახალი მემარჯვენეების ექვსმა დეპუტატმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის კაბინეტის მისაღებში შიმშილობის უვადო აქცია დაიწყო იმ მოთხოვნების შესრულებამდე, რომელიც სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების პირობებს უზრუნველყოფს.
შიმშილობის აქციაში მონაწილეობენ დეპუტატები: დავით გამყრელიძე, მამუკა კაციტაძე, ლაშა ნარჩემაშვილი, დავით საგანელიძე, დავით უჯმაჯურიძე და ვახტანგ ქარსელაძე.
”ჩვენ დღეს მემარჯვენე ოპოზიციის სახელით ვაცხადებთ პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებში უვადო შიმშილობას მემორანდუმის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით,”- განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ახალი მემარჯვენეებიდან ფიქრია ჩიხრაძემ, ”იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გონზე მოეგოს ხელისუფლება და მზად იყოს იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები”.
”სამწუხაროდ ჩვენ სხვა გამოსავალი აღარ გვრჩებოდა, ზემოქმედების არანაირი საშუალება ამ უგუნურ ხელისუფლებაზე არ არსებობს. აქედან გამომდინარე ფრაქციამ, რომელიც ყოველთვის კონსტრუქციული, თანმიმდევრული და პრინციპული იყო თავის პოზიციაში, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა დღეს უკვე,”- აღნიშნა ჩიხრაძემ.
ამ განცხადებამდე ფრაქციის ლიდერმა დავით გამყრელიძემ გამართა საგანგებო ბრიფინგი, სადაც დიალოგის ჩიხში შეყვანასა და პოლიტიკური კრიზისის გამწვავებაში პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დაადანაშაულა.
”ჩვენ ვითხოვთ, რომ ახლავე მოხდეს შეხვედრა იმ ადამიანთან, ვინც პასუხისმგებელი იყო ხელისუფლების მხრიდან ამ მოლაპარაკებაზე, კონკრეტულად ნინო ბურჯანაძესთან, რომელიც იყო ამ მოლაპარაკებების წამყვანი და რომელიც იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ ქვეყანაში კრიზისი არ განვითარებულიყო,”- განაცხადა გამყრელიძემ და ჟურნალისტებისა და ვიდეო-კამერების თანხლებით თანაფრაქციელებთან ერთად ბურჯანაძის კაბინეტთან გადაინაცვლა.
დეპუტატმა ახალი მემარჯვენეებიდან მამუკა კაციტაძემ Civil.Ge-ს განუცხადა, რომ მათ პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე უარი უთხრა.
პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ირინე ქურდაძემ ”გასაკვირი” და ”მოულოდნელი” უწოდა მემარჯვენეების აქციას და განაცხადა, რომ ბურჯანაძე მზადაა შეხვდეს მემარჯვენეებს დღეს 4 საათზე.
”ჩვენთვის ამ შეხვედრის მოთხოვნა იყო მოულოდნელი, ვინაიდან ისინი პირდაპირ მოვიდნენ მისაღებში და შეუძლებელი იყო უბრალოდ ტექნიკურად სხვა შეხვედრების გაუქმება,”- განაცხადა ქურდაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, ”პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის შეხვდეს დავით გამყრელიძეს დღეს 4 საათზე და მან ამის შესახებ იცის, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია რა მოტივით შიმშილობენ ჩემი კოლეგები”.