
სააკაშვილმა გათავისუფლებული ქართველები დააჯილდოვა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 მარტს ღირსების ორდენით დააჯილდოვა ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია და დავით წოწორია, რომელთაც ათი დღე აფხაზეთში პატიმრობაში გაატარეს.
მისი თქმით, ის მათ აფხაზურ პატიმრობაში ყოფნის დროს გამოჩენილი სიმამაცის გამო აჯილდოვებს. სააკაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზურ მხარეს სურდა, რომ ორ ქართველს ხელი მოეწერა ქაღალდებისთვის, სადაც ისინი ბოდიშს მოიხდიდნენ აფხაზური საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. ”ქართველი კაცი არ უნდა იხდიდეს ბოდიშს ერთ-ერთი ქართული მდინარის გადალახვისთვის გაურკვეველი ბანდფორმირებების წინაშე და ეს თქვენ დაასაბუთეთ ძალიან ნათლად,” – მიმართა სააკაშვილმა ბასილაიას და წოწორიას.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართველების გათავისუფლებამდე განაცხადეს, რომ სააკაშვილი მათ გათავისუფლებას საკუთარი PR კამპანიისთვის გამოიყენებდა და მედლებითაც დააჯილდოვებდა.
სააკაშვილმა ასევე დააჯილდოვა ღირსების ორდენით ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი ემა გოგოხია. სააკაშვილის თქმით, ის გოგოხიას მისი იმ ”გმირობის” გამო აჯილდოვებს, რომელიც ჟურნალისტმა განმუხურის ინციდენტის დროს გამოიჩინა. ”მე ვნახე ემა გოგოხია საკუთარი თვალით, როცა მან ჩაიდინა ნამდვილი სამოქალაქო და საბრძოლო გმირობა – ამას სხვა არაფერი არ ჰქვია – ეს მოხდა სერიოზული ფიზიკური და პიროვნული რისკის შედეგად, მან იმ კადრების მოსაპოველად, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა, გარისკა საკუთარი სიცოცხლე პირადად ჩემ თვალწინ,” – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, ხელისუფლებას ”რთული ურთიერთობები” აქვს ჟურნალისტებთან, რადგანაც ”ისინი ხშირად გვაკრიტიკებენ”. ”მაგრამ, ეს ჯილდო არის საქართველოს სახელმწიფოს ჯილდო და არა პირადად ჩემგან,” – განაცხადა მან.