ახალი ამბები

ქართველი ოფიციალური პირები ბრიუსელს სტუმრობენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 5 მარტს სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე ბელგიის დედაქალაქს 4 მარტიდან სტუმრობს.

ნინო ბურჯანაძე ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, კონდოლიზა რაისთან,  და უკრაინის პრემიერ-მინისტრთან იულია ტიმოშენკოსთან. იგი ასევე სიტყვით გამოვა საერთაშორისო კონფერენციაზე ”ქალები უსაფრთხო მსოფლიოსათვის””.

ნატო-ს გენერალურ მდივანთან იაპ დე ჰოოპ სხეფერთან დაგეგმილია როგორც ნინო ბურჯანაძის, ისე დავით ბაქრაძის შეხვედრები.

ისინი ასევე შეხვდებიან ბელგიის წარმომადგენლობათა პალატის თავმჯდომარეს ჰერმან ვან რომპოის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს იაცეკ სარიუჟ-ვოლსკის, ევროკომისიის ვიცე–პრეზიდენტს, ევროკომისარს სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებში ფრანკო ფრატინის, ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარეს ჟოსეფ დოულს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში, საგანგებო მიღებაზე ასევე შეხვდება ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს. 

3 მარტს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მიზნად ისახავს ფართო კოალიციის შექმნას, რომელიც მხარს დაუჭერს 5 აპრილის სამიტზე, ბუქარესტში საქართველოსა და უკრაინისთვის  ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) დამტკიცებას.

Back to top button