ახალი ამბები

საქართველოს სომეხი მოქალაქეები და რესპუბლიკელები გმობენ ერევნის მოვლენებს

საქართველოს არასამთავრობო სექტორისა და სომეხთა საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციური რესპუბლიკური პარტია გმობენ ერევანში განვითარებულ მოვლენებს.


1 მარტს სომხეთის სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და სხვა ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დაარბიეს პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის ლევონ ტერპეტროსიანის მომხრეთა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც საპრეზიდენტო არჩევნების ”არასამართლიანად” ჩატარებას თითქმის ორი კვირის მანძილზე აპროტესტებდნენ. 19 თებერვალს ჩატარებულ არჩევნებში, ოფიციალური მონაცემებით, გამარჯვება მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარქისიანმა მოიპოვა.


დარბევის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, 8 ადამიანი, მათ შორის სამი პოლიციელი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაშავდა. 2 მარტს სომხეთის ხელისუფლებამ 20-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი ტერპეტროსიანი, რომელიც შინა პატიმრობაში იმყოფება, აცხადებს, რომ 20 მარტის შემდეგ გააგრძელებს კონსტიტუციის ფარგლებში ბრძოლას.


საქართველოს რესპუბლიკური პარტია აცხადებს, რომ შეშფოთებულია ”მეზობელ” სომხეთში მიმდინარე მოვლენებით.


”აქციის დარბევის დროს მოქალაქეების დახოცვა, ოპოზიციური პარტიების აქტივისტების დაკავება, საგანგებო მდგომარეობის და ცენზურის შემოღება, საჯარისო ფორმირებების, სამხედრო ტექნიკის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მოწმობს იმას, რომ სომხეთის ხელისუფლებამ დიალოგის რესურსის ამოწურვის გარეშე საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები, აიღო სამოქალაქო პროტესტის ძალისმიერად ჩახშობის კურსი,”- აცხადებს რესპუბლიკური პარტია 2 მარტს გავრცელებულ განცხადებაში და მოუწოდებს სომხეთის ხელისუფლებას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობა დაუყონებლივ შეწყვიტოს.


რესპუბლიკელები ასევე სინანულს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ”საქართველოს გაკვეთილის” მიუხედავად, ”ამჯერადაც, სათანადოდ ვერ შეაფასა  წარმოქმნილი კრიზისის სიღრმე”, რამაც უნებლიეთ ხელი შეუწყო მოვლენების ამგვარ განვითარებას სომხეთში.


ერევანში მშვიდობიანი მიტინგის დაშლისას გამოყენებული ძალადობრივი ქმედებების წინააღმდეგ საქართველოში სომხეთის საელჩოსთან 2 მარტს აქცია გამართეს საქართველოს სომეხთა საზოგადოებრიობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღების მიქცევის მიზნით ასევე გეგმავენ აქციებს საქართველოში ევროკომისიის დელეგაციისა და ეუთოს მისიის შენობებთან.


ეუთომ და ევროკავშირმა უკვე დაგმეს ერევნის მოვლენები და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს.

Back to top button