
გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმმა ერთი დაკავებული გაათავისუფლა
აფხაზურმა მხარემ გაათავისუფლა მაია დანელია, რომელიც ორ სხვა ქართველთან ერთად 26 თებერვალს დააკავეს . ეს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა დაადასტურა.
მანამდე “კავკაზსკი უზელი” აფხაზეთის პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ დანელია 1500 რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
კიდევ ორი ქართველი, ტელეკომპანია “მზის” ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია და დავით წოწორია კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მათი სასამართლო პროცესი, აფხაზური პროკურატურის ცნობით, ერთ თვეშია დანიშნული.
ამასობაში, საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსი” იტყობინება გალის რაიონში აფხაზეთის ლიდერის წარმომადგენლის რუსლან ქიშმარიას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ საბერიოსთან 29 თებერვალს გვიან სროლები მოხდა. აფხაზური მხრიდან მსხვერპლი არ ყოფილა.
უფრო ადრე, 29 თებერვალს აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მახლობლად ნაღმის აფეთქების და სროლების შედეგად სამი მილიციელი დაშავდა. აფხაზურმა მხარემ ამ ინციდენტში ”ქართველი დივერსანტების ჯგუფი” დაადანაშაულა.