skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი დამოუკიდებლობის დღეზე ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო შეძლებს გადალახოს ყველა პრობლემა და განახორციელოს ყველა მნიშვნელოვანი ამოცანა, თუ ქვეყანა ”ერთ მუშტად შეიკვრება”. 


სააკაშვილმა 15 000 სამხედროს მიმართა, რომელთაც 26 მაისს რუსთაველზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმში მიიღეს მონაწილეობა.     


”უწინარეს ყოვლისა, დღევანდელი დღე არის ჩვენი ერთიანობის დღე… მთავარი, რაზეც ოცნებობს მტერი არის ის, რომ გაგვყოს და გაგვთიშოს… თუ ერთიანობას შევინარჩუნებთ, ჩვენი დამარცხება შეუძლებელი იქნება… ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ეკონომიკა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტემპით ვიზრდებით – როდესაც ერთიანები ვართ ასე ვპასუხობთ ჩვენ გამოწვევებს,” – განაცხადა სააკაშვილმა.


”დღესაც ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს… ჩვენი ხალხის 99%-ს ეს მშვენივრად ესმის რამხელა დაბრკოლებები გვაქვს გადასალახავი, ჩვენს წინააღმდეგ მომართული უზარმაზარი ძალა გვაქვს ჩვენ კიდევ გასანეიტრალებელი, მაგრამ ჩვენ ერთ მუშტად  შეკრულები მოვახერხებთ ყველაფრის გადალახვას,” – განაცხადა მან.  


”უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მთავარი ძალა არ არის მხოლოდ ამ ჯარში, იარაღში, ეკონომიკურ განვითარებაში და არა მხოლოდ ინვესტიციებში – წელს 2 მილიარდ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელება იგეგმება – ჩვენი მთავარი ძალა არის ჩვენს მოტივაციაში და ჩვენს ერთობაში,”- დასძინა მან.


თავის გამოსვლაში სააკაშვილმა ასევე გაუსვა ხაზი, რომ საქართველო არის ”მრავალეთნიკური სახელმწიფო”, თუმცა მხოლოდ ერთი ქართველი ერი არსებობს.


”და ეს ერი შედგება ქართველებისგან, ქართველი აზერბაიჯანელებისგან,    ქართველი აფხაზებისგან, ქართველი ოსებისგან, ქართველი სომხებისგან და ა.შ.”, – განაცხადა მან.


”ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ შევინარჩუნოთ ის მრავალეროვანი და მრავალ აღმსარებლური საქართველო, რომელიც ჩვენ ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს… ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა აფხაზეთიდან გამოყრილი 500 ათასი ჩვენი თანამემამულის მიმართ,” – განაცხადა სააკაშვილმა.


მან ასევე მიმართა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას და ოსურად უთხრა მათ: ”ჩვენ თქვენ გვიყვარხართ”.


”მე მინდა მივესალმო ჩვენ მოსახლეობას ცხინვალში, ზნაურში, ჯავაში, ახალგორში, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში  და მინდა ვუთხრა მათ, რომ ოსები არა მხოლოდ ყოველთვის იყვნენ საქართველოს ისტორიის ნაწილები, არამედ ოსები იყვნენ გმირული, მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ისტორიისა… იყვნენ, არიან და აუცილებლად იქნებიან მომავალში იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფოებრივი ამოცანა საქართველოსი,” – განაცხადა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, საქართველოს ბევრი ”მოკავშირე და პარტნიორი” ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით.


”და მე მინდა განსაკუთრებული სოლიდარობა გამოვუხატო უკრაინელ ხალხს და ასევე ესტონელ ხალხს, რომლებიც ბოლო დროს უზარმაზარი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ და რომელთაც გადალახეს ეს ზეწოლა,” – განაცხადა სააკაშვილმა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button