skip to content
ახალი ამბები

რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ”ალტერნატიულ” მთავრობებს აკრიტიკებს

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თბილისისადმი ლოიალურად განწყობილი ე.წ. მთავრობებით მანიპულირება სამშვიდობო პროცესის დროს ”ძალიან სახიფათო პროვოკაციაა” და 11 მარტის ინციდენტმა ზემო კოდორის ხეობაში ეს დაადასტურა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსულ გაზეთ ”იზვესტია”-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 15 მარტს გამოქვეყნდა.
 
თბილისმა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა ზემო კოდორის ხეობაში გასული წლის სექტემბერში განათავსა. თბილისისადმი ლოიალურად განწყობილი სამხრეთ ოსეთის ლიდერის დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაცია კი ცხინვალის მახლობლად, სოფელ ქურთაში გასული წლის ნოემბერში განთავსდა.


”სამხრეთ ოსეთში, სადაც ”ალტერნატიული” სტრუქტურები ცხინვალის სიახლოვესაა განთავსებული, სიტუაცია კიდევ უფრო ფეთქებადია. ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ვინმეს სჯერა რესპუბლიკაში ამ ორხელისუფლებიანობის გრძელვადიანი პოტენციალისა”, – განაცხადა კარასინმა.


”[სამხრეთ ოსეთის] ალტერნატიული ლიდერის დიმიტრი სანაკოევის საქმიანობის ხელშეწყობა არის პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს ედუარდ კოკოითის მთავრობის ძირის გამოთხრას. ნებისმიერი ქმედება კონტრქმედებას იწვევს და ამგვარი მანევრები და ნაბიჯები ძალიან სახიფათოა”, – დასძინა კარასინმა.


მისი თქმით, კონფლიქტების ზონებში ”ალტერნატიული” მთავრობების განთავსებით თბილისმა დამატებითი ”გამაღიზიანებელი ფაქტორი” შექმნა.


”კოდორის ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ თბილისი არ განათავსებდა ამ ვირტუალურ ”მთავრობას”, რომელიც წარმოდგენილია, როგორც აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება”, – განაცხადა კარასინმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button