skip to content
ახალი ამბები

თბილისი კოდორის დაბომბვას რუსეთის ”გამიზნულ პროვოკაციად” აფასებს

ზემო აფხაზეთის სოფლების დაბომბვა იყო ”კარგად გამიზნული პროვოკაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 12 მარტს.


”გუშინ ღამის ხედვით აღჭურვილმა ვერტმფრენებმა გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საჰაერო საზღვარი რუსეთის მიმართულებიდან. ჩვენ  ველოდებით პასუხს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან და განმარტებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა წუხელ ზემო აფხაზეთში”, – განაცხადა ბურჯანაძემ, რომელიც ესწრებოდა დღეს პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომას.  


მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველანაირი პროვოკაციები იყოს თავიდან აცილებული და შენარჩუნდეს მშვიდობა, ”მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მივცემთ უფლებას ჩვენი მოსახლეობის ინტერესები ხელყოს”.


ბურჯანაძის განცხადებით, ყველა სტრუქტურას მიეცა მითითება არ აჰყოლოდა კოდორში განხორციელებულ პროვოკაციას, რომელიც ”მოსალოდნელი იყო”.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მი-24 და მი-8 ტიპის ვერტმფრენებმა 11 მარტს 22:10 საათზე გადმოლახეს საქართველო საჰაერო სივრცე და დაბომბეს ზემო კოდორის ხეობის სოფლები.


”უცხო ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული სამხედრო პროვოკაცია, რომელიც პირველ რიგში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არის მიმართული, სამშვიდობო პროცესის შეწყვეტის დაუფარავ მცდელობას წარმოადგენს”, – აცხადებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 12 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button