skip to content
ახალი ამბები

ირინა სარიშვილი გაათავისუფლეს

ოპოზიციური პარტია ”იმედის” ლიდერი და ძებნილი იგორ გიორგაძის მოკავშირე ირინა სარიშვილი 8-საათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.


ქართველმა სამართალდამცავებმა ირინა სარიშვილი საქართველო-სომხეთის საზღვრის გადმოკვეთისას, სადახლოს საბაჟოს გამშვებ პუნქტზე 5 თებერვალს დღის მეორე ნახევარში დააკავეს.


გათავისუფლების შემდეგ სარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას და მის ორ მეგობარს 58 000 აშშ დოლარი გადმოჰქონდათ, რომელიც საბაჟო დეკლარაციაში არ ჰქონდათ მითითებული. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სარიშვილს ასევე აღმოაჩნდა 300 გრამი არადეკლარირებული ოქრო, თუმცა ამ უკანასკნელის განცხადებით, ოქრო იმ ტაქსის მძღოლს ეკუთვნოდა, რომელსაც ისინი სომხეთიდან საქართველოში მოჰყავდა. ტაქსის მძღოლი კვლავ დაკავებულია.


სარიშვილის დაკავების შემდეგ, დეპუტატმა გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ საქმე მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისით.


”ყველასთვის ნათელია: სარიშვილი მოსკოვიდან ბრუნდებოდა სომხეთის გავლით 58 000 აშშ დოლარით… ეს არის კლასიკური მაგალითი ქვეყნის ღალატის, როდესაც რუსეთიდან მოაქვს ადამიანს ფული, რომ ავნოს თავის ქვეყანას”, – განუცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარაგმაძემ ”რუსთავი 2”-ს 5 თებერვალს.


თუმცა, სარიშვილმა უარყო, რომ ის მოსკოვში იმყოფებოდა.


”ერევანში ვიყავი და ეს ფული ჩემი და ჩემი ორი მეგობრის ოჯახებისთვისაა”, – განუცხადა სარიშვილმა ჟურნალისტებს გათავისუფლების შემდეგ.


თარგამაძის განცხადებით, ბოლო დროს რუსეთმა ყურადღება გიორგაძის მოკავშირეებიდან საქართველოს სხვა პოლიტიკურ ძალებზე გადაიტანა.


”მე ვფიქრობ, რომ წაინაცვლებს აქცენტი ისეთ ნაკლებად თვალშისაცემ ფიგურებზე , როგორიცაა ვთქვათ, გოჩა ჯოჯუა, რომელსაც გაუჩნდა კითხვები საქართველოს ნატოში შესვლის საჭიროებასთან დაკავშირებით და მასთან ერთად უნისონში საუბრობდნენ ამასთან დაკავშირებით კაკო ასათიანი [ტრადიციონალისტთა კავშირის ლიდერი], ირაკლი მელაშვილი და სხვა ასეთი ფიგურები”, – განაცხადა თარგამაძემ.


ჯოჯუა და მელაშვილი ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტია ”ეროვნული ფორუმის” წევრები არიან.


დეპუტატმა გოჩა ჯოჯუამ თარგამაძის განცხადებებს ”უსაფუძვლო” უწოდა.


”ეს ძალიან უცნაური განცხადებაა. მე მხოლოდ კითხვა დავსვი: რა სარგებელს მიიღებს საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით ნატოში ინტეგრაციისგან. სულ ეს იყო”, – განუცხადა ჯოჯუამ ტელეკომპანია ”იმედს” 5 თებერვალს.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button