skip to content
ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრი კონფლიქტების მოგვარების პრიორიტეტებზე საუბრობს

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ევროპაში ეჭვი ეპარება თბილისის მცდელობების წარმატებაში არსებული რუსული სამშვიდობო ოპერაცია საერთაშორისო ძალებით ჩაანაცვლოს, ეს რეალისტური მიზანია, რომელიც “ადრე თუ გვიან“ განხორციელდება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 23 იანვარს.


ბეჟუაშვილმა სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ ლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა.   


მისი თქმით, კონფლიქტების ზონებში ამჟამად არსებული სტატუს კვო უნდა შეიცვალოს, რათა თავიდან იქნას აცილებული “არაპროგნოზირებადი შედეგები“.


“ჩვენი პოზიცია სავსებით ნათელია: სტატუს კვოს შენარჩუნებას ჩვენ ვერ შევურიგდებით და რაც მთავარია, ამის გაგება დღეს უკვე არის ჩვენს პარტნიორებს შორის, მათ შორის ევროპაში, თუმცა არა ყველგან; ამიტომ, ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რათა განტკიცდეს ის ნება, რომ სტატუს კვოს შენარჩუნება არის საზიანო არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპისთვის“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


მისი თქმით, “პირდაპირი დიალოგი“ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მხარეებთან გაეროსა და ეუთოს ეგიდით, ამ პროცესში ევროკავშირის, აშშ–სა და რუსეთის აქტიური მონაწილეობით კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით თბილისის პრიორიტეტს წარმოადგენს.  

მოქმედი რუსული სამშვიდობო ოპერაციისა და სამშვიდობო ფორმატის შეცვლის მცდელობა სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია, განაცხადა ბეჟუაშვილმა.


“არსებული მიკერძოებული სამშვიდობო ოპერაციის საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლება ძალიან რთული პროცესია. ევროპაშიც დღესაც ბევრი სკეპტიკოსია, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს შეუძლებელია. მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ მივაღწევთ ამ მიზანს და ადრე თუ გვიან მიუკერძოებელი საერთაშორისო კომპონენტი ჩაანაცვლებს დღევანდელ ფორმატს“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მალე შეიმუშავებს ახალ საკანონმდებლო ბაზას “მოძველებული მექანიზმების“, მათ შორის 1992 წლის სოჭის და 1994 წლის მოსკოვის შეთანხმებების, ჩასანაცვლებლად. სწორედ, ამ შეთანხმებებს ეფუძნება არსებული სამშვიდობო და მოლაპარაკებების ფორმატები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში.   


ბეჟუაშვილის თქმით, საქართველოს აქტიური საგარეო პოლიტიკის შედეგად, სეპარატისტულმა კონფლიქტებმა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიიპყრო.


“ევროკავშირი დღეს უკვე შიგნით საუბრობს თუ რა დოზით და რა ხარისხით მიიღებს ის მონაწილეობას საქართველოს კონფლიქტების დარეგულირებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რამოდენიმე წლის წინ ევროკავშირისთვის ეს სივრცე, ეს ტერიტორია არაფერს არ წარმოადგენდა. ეს საკითხი ევროკავშირის ქვეყნების რუსეთთან დიალოგის მუდმივი თემა გახდა“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button