skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს მომხსენებლები რუსეთსა და საქართველოს ორმხრივი პატივისცემისკენ მოუწოდებენ

რუსეთი მართალია, როდესაც საქართველოსგან „პატივისცემას და პასუხისმგებლობას“ მოითხოვს და თავადაც ანალოგიურად უნდა მოიქცეს თავისი მეზობელი ქვეყნის მიმართ, განაცხადეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებმა ლუკ ვან დენ ბრანდემ და მათიას ეორშიმ მოსკოვში 29 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.


საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროპის საბჭოს წარმომადგენლები ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის განხილვის მიზნით სამდღიანი ვიზიტით მოსკოვში ჩავიდნენ.


„ორივე ქვეყნის პოლიტიკოსებმა, მათ შორის უმაღლეს დონეზე, უნდა შეწყვიტონ სიტყვიერი პროვოკაციები ერთმანეთის მიმართ და იგივე სიბრძნე გამოიჩინონ, რომელსაც მათი საზოგადოებები იჩენენ“, – განაცხადეს ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა მოსკოვში.


მათ მოუწოდეს ორივე ქვეყანას კონკრეტული ნაბიჯები გადადგან  დაძაბულობის განმუხტვის მიზნით. კერძოდ, რუსეთმა უნდა მოხსნას ეკონომიკური სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, შეწყვიტოს სატრანსპორტო ბლოკადა და დააბრუნოს ელჩი თბილისში, ხოლო საქართველომ უნდა ეძებოს ურთიერთობის და თანამშრომლობის ახალი გზები.


თანამომხსენებლებმა შეშფოთება გამოხატეს ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლების მიერ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. მათ ყველა ამ დარღვევის გამოიძიება და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვეს.


თანამომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ქსენოფობია და რასიზმი, რომლის გამოვლინება საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხოთ ბოლო ორი თვის მანძილზე, შეუსაბამოა ევროპის საბჭოს ღირებულებებსა და სტანდარტებთან.


ევროპის საბჭოს თანამომხსენებლები თავიანთ შეფასებებს საქართველოში და რუსეთში განხორციელებული ვიზიტების შესახებ 13 დეკემბერს პარიზში დაგეგმილ მონიტორინგის კომიტეტის სხდომას წარუდგენენ.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button