skip to content
ახალი ამბები

მაია ნიკოლეიშვილი თავდებით გამოუშვეს

იგორ გიორგაძის პარტია “სამართლიანობასთან“ ალიანსში მყოფი მოძრაობა “ანტი-სოროსის“ თავმჯდომარე მაია ნიკოლეიშვილი თავდებში გამოუშვეს, მას შემდეგ რაც 8 სექტემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე მან აღიარა დანაშაული სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვასთან დაკავშირებით. 


პროკურორი ორთვიან წინასწარ პატიმრობას ითხოვდა ნიკოლეიშვილისთვის, თუმცა ჩვენების მიცემის შემდეგ ის გამოუშვეს გირაოს  – 10 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ.  


მანამდე იმავე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა იგორ გიორგაძის 12 მომხრეს, რომელთაც ბრალი ედებათ შეთქმულებაში სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად.  ყველა მათგანი, ნიკოლეიშვილის ჩათვლით, პოლიციამ 6 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავა.


ყველა ეჭვმიტანილმა, გარდა ნიკოლეიშვილისა, უარყო ბრალდებები. 


სასამართლო მოსმენაზე ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ 4 მაისს მართლაც გაიმართა შეხვედრა პარტია “სამართლიანობის“ თბილისის ოფისში, სადაც განხილულ იქნა მთავრობის ჩამოგდების გეგმა.


თუმცა, მან აღნიშნა, რომ პარტია “იმედის“ თავმჯდომარე და იგორ გიორგაძის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი ირინა სარიშვილი ამ გეგმის წინააღმდეგ იყო. ნიკოლეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ გეგმის წინააღმდეგი იყო ასევე მოძრაობა “ანტი-სოროსის“ წევრი, ყოფილი პარლამენტარი ელიზბარ ჯაველიძე.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button