skip to content
ახალი ამბები

ოთხი ოპოზციური პარტია გიორგაძესთან კავშირს უარყოფს

დღეს ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ  – ახალმა მემარჯვენეებმა, რესპუბლიკელებმა, კონსერვატორებმა, პარტია თავისუფლებამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც კატეგორიულად უარყვეს იგორ გიორგაძესთან რაიმე კავშირი და ხელისუფლების მცდელობა გიორგაძის სახელს დაუკავშიროს ოპოზიციური პარტიები, ოპოზიციის “დისკრედიტაციის“ სურვილად შეაფასეს.


“ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი და საკმაოდ არგუმენტირებული, რომ გარკვეულწილად ხელისუფლების და სააკაშვილის მხრიდან ხდება იგორ გიორგაძისგან მეორე ცენტრის შექმნა, მისგან საფრთხობელას ჩამოყალიბება, რათა ხელისუფლება უფრო გაძლიერდეს“, – განუცხადა 25 მაისს ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ “რუსთავი 2“–ს.


ოთხი პარტია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია ცდილობს იგორ გიორგაძისაგან “მტრის ხატის” შექმნით ამომრჩეველთა მიმხრობას.


“სრულიად რეალისტურია მოვლენათა განვითარება ისეთი სცენარით, როდესაც სააკაშვილი და გიორგაძე შეთანხმებული სტრატეგიით შეეცდებიან დაპირისპირებული პოლუსების შექმნას და ამ გზით ძირითადი ოპოზიციური ძალების ნეიტრალიზებას, ისევე, როგორც შევარდნაძე და აბაშიძე ახერხებდნენ ამას წარსულში“, – ნათქვამია განცხადებაში.


განცხადების ავტორები ღიად გამოთქვამენ ეჭვს, რომ გიორგაძე “რუსული სპეცსამსახურების კარნახით“ მოქმედებს და არ არის “საქართველოს სტრატეგიული ეროვნული ინტერესების ერთგული“, რაც ოთხი პარტიის აზრით, უმთავრესი კრიტერიუმია მათი სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობისათვის.


ჯერ–ჯერობით უცნობია შეურთდებიან თუ არა ამ განცხადებას სხვა ოპოზიციური პარტიებიც, მათ შორის ლეიბორისტები და მრეწველები.


This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button