ახალი ამბები

“დემოკრატიულმა ფრონტმა” საბოიკოტო მოთხოვნები კანონპროექტების სახით გააფორმა

დღეს გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ოპოზიციის მოთხოვნები, რომელთა ხელისუფლების მიერ შესრულებაც ბოიკოტის შეწყვეტის საფუძველი გახდება, ფრაქციამ ახალი საკანონმდებლო ინიციატივების სახით გააფორმა.


კონსერვატორი დეპუტატის კახა კუკავას განცხადებით, მათ სამი კონკრეტული წინადადება შესთავაზეს საპარლამენტო უმრავლესობას განსახილველად. პირველი ეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც საარჩევნო კომისიების პარიტეტული წესით დაკომპლექტებას ეხება; მეორე თვითმმართველობის კანონში ცვლილებების შედეგად მერებისა და გამგებლების პირდაპირის წესით არჩევას უკავშირდება.


მესამე მოთხოვნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც კუკავას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩადენილ იმ დანაშაულებებს გამოიძიებს, რის გამოც ოპოზიცია შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომის საკითხს აყენებს. კერძოდ, კომისია სანდრო გირგვლიანის მკვლელობას, ხაშურის რაიონის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატზე ვალერი გელაშვილზე თავდასხმას და თბილისის საკრებულოში ოპოზიციონერ პარლამენტარებზე ფიზიკური ანგარიშსწორების  საქმეებს შეისწავლის.


“თუ ხელისუფლება წამოვა დიალოგზე და კონსენსუსზე ამ საკითხებთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევწყვეტთ ბოიკოტს და დავუბრუნდებით საპარლამენტო სხდომებს“, – განაცხადა 16 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე “დემოკრატიული ფრონტის” თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ცოტა ხნის წინ დავით ზურაბიშვილი შეცვალა.


მისი ინფორმაციით, “დემოკრატიული ფრონტი“ მონაწილეობას მიიღებს ამ ახალი ინიციატივების საკომიტეტო განხილვებში, რაშიც “სხვა ფრაქციებიც შემოგვიერთდებიან“.


ძიძიგურის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ოპოზიციას  კონსტრუქციული დიალოგის სურვილის არ ქონაში ადანაშაულებს, “იყო მცდელობა, რომ მეორეხარისხოვანი კანონპროექტების მეშვეობით შეეტყუებინათ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში“, რადგან ბოლო ორი თვის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ჩასმული იყო ოპოზიციის მიერ ინიცირებული თითქმის ყველა კანონპროექტი.

საპარლამენტო ოპოზიციამ ბოიკოტი 31 მარტს ვალერი გელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გამო გამოაცხადა და მოგვიანებით, საკუთარი მოთხოვნები, მათ შორის მერაბიშვილის გადადგომის თაობაზე, ხელისუფლებისადმი მემორანდუმში ასახა.


საპარლამენტო უმრავლესობა “დემოკრატიული ფრონტის” დღევანდელ შეთავაზებას სკეპტიკურად შეხვდა.


“თუ ეს არის მათი მხრიდან კომპრომისის ძიება იმისთვის, რომ ისინი დაბრუნდნენ სხდომათა დარბაზში, საინტერესოა“, –  განაცხადა პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა.

Back to top button