skip to content
ახალი ამბები

პარლამენტარები მრეწველთა ფრაქციიდან ოპოზიციის მემორანდუმს უერთდებიან

მრეწველთა პარტიის ლიდერმა გოგი თოფაძემ ფრაქციაში გამართული თათბირის შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტარები მრეწველთა ფრაქციიდან შეუერთდებიან იმ მემორანდუმს, რომელსაც 7 აპრილს უკვე მოაწერეს ხელი დემოკრატიულმა ფრონტმა და ახალმა მემარჯვენეებმა.


თუმცა, მან განაცხადა, რომ მრეწველები არსებულ მემორანდუმს თავიანთ მოთხოვნებსაც დაუმატებენ, რომელიც ბიზნესის შევიწროვების, მთელი მინისტრთა კაბინეტის გადაყენებისა და ეკონომიკური კლიმატის გაუმჯობესების საკითხებს შეეხება.


მემორანდუმში ასახულია ოპოზიციის მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაყენების, პოლიტიკური პარტიების მიერ პარიტეტულ საფუძველზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციების შექმნის და ქალაქის მერების და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევის თაობაზე.   


“ჩვენ კიდევ გავამკაცრებთ ამ მოთხოვნებს და მემორანდუმს დავუმატებთ დანართს ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების და მთელი მთავრობის  გადადგომის თაობაზე“, – განაცხადა გოგი თოფაძემ.


შინაგან საქმეთა მინისტრის გათავისუფლება, რაც მემორანდუმში ახალი მემარჯვენეების დაჟინებული მოთხოვნით ერთ–ერთ მთავარ საკითხად აისახა, ავტომატურად გამოიწვევს მთელი კაბინეტის გადადგომას, რადგანაც მერაბიშვილი უკვე მეექვსე მინისტრი იქნება, რომელიც გამოიცვალა 2005 წლის თებერვალში კაბინეტის დამტკიცების შემდეგ. კანონის თანახმად, მთავრობის წევრების ერთი მესამედის შეცვლის შემთხვევაში, მთელი კაბინეტი უნდა გადადგეს.  

ამდენად, მერაბიშვილის გადაყენების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხელისუფლება ავტომატურად დააკმაყოფილებს მთავრობის გადაყენების მოთხოვნასაც.      


გოგი თოფაძემ ასევე აღნიშნა, რომ მრეწველთა პარტია ხელისუფლებასთან და მმართველ პარტიასთან კონსულტაციების გამართვას გეგმავს, რათა შეაფასოს მათი კომპრომისზე წასვლის სურვილი.

თოფაძის განცხადებით, მრეწველები მთავრობის გადაგომასა და ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემების ჩართვას მემორანდუმში ოპოზიციურ ფრაქციებს შორის კონსულტაციების დაწყებისთანავე ითხოვდნენ.


მიმართვაში ნათქვამია, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები იტოვებენ უფლებას ბოიკოტი გამოუცხადონ პარლამენტის სხდომებს, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული.    


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button