ახალი ამბები

რევაზ ადამია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს ელჩმა გაეროში რევაზ ადამიამ განაცხადა, რომ აფხაზეთის შესახებ  გაეროს უშიშროების საბჭოს 31 იანვრის რეზოლუცია მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა რუსეთში “გადაწყვიტეს შეიცვალონ პოზიცია“ და “აღარ დაუჭირონ მხარი კონფლიქტის მოგვარების მთავარ პრინციპს – საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის პრინციპს“.


გაეროს უშიშროების საბჭომ 31 იანვარს მიღებული რეზოლუციით საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი მხოლოდ 31 მარტამდე გააგრძელა. წინა რეზოლუციები, გარდა მანდატის გაგრძელებისა, ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და “ძლიერ მხარდაჭერას“ უცხადებდა დოკუმენტს თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვის ძირითადი პრინციპების თაობაზე.


“როგორც ჩანს, რუსეთმა, უშიშროების საბჭოს წევრმა და ასევე [გაეროს გენერალური მდივნის] მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წევრმა, რომელსაც კონფლიქტის მოგვარების ხელშემწყობის სტატუსიც გააჩნია, უცებ გადაწყვიტა პოზიცია შეიცვალოს. და ეს არ არის მხოლოდ პოზიციის უმნიშვნელო შეცვლა“, – განაცხადა რევაზ ადამიამ 31 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.


“გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა რუსეთში გადაწყვიტეს აღარ დაუჭირონ მხარი კონფლიქტის მოგვარების მთავარ პრინციპს – საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის პრინციპს. შედეგად, ხსენებაც აღარ არის ე.წ. ბოდენის დოკუმენტის –  თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვის ძირითადი პრინციპების თაობაზე“, – დასძინა ადამიამ.


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ განცხადებებში რუსეთის წარმომადგენლები კვლავ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას, “რაც ხდება ადგილზე, კონფლიქტის ზონაში, ფაქტიურად, ძირეულად განსხვავებულია“.


“როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გასული წლის სექტემბერში ნიუ-იორკში გამართულ მსოფლიო სამიტზე განაცხადა, აფხაზეთი დე ფაქტო ანექსიის პირობებში იმყოფება, რაც სხვადასხვა ფორმით მჟღავნდება“, – განაცხადა საქართველოს ელჩმა. 

Back to top button