skip to content
ახალი ამბები

საგარეო უწყებამ ვატიკანის ელჩი აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით დაიბარა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 იანვარს სამხრეთ კავკასიაში ვატიკანის წარმომადგენელი, რომის პაპის ნუნცია კლაუდიო გუჯეროტი დაიბარა. მას ახსნა-განმარტება მოეთხოვა ვატიკანის დელეგაციის სოხუმში ვიზიტთან დაკავშირებით. საგარეო უწყების ცნობით, ეს ვიზიტი წინასწარ არ იყო შეთანხმებული ქართულ მხარესთან. 


ვატიკანის ელჩი სოხუმს 4 იანვარს ეწვია და დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშსა და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა.


“ქართული მხარე არ კრძალავს დიპლომატიური მისიების ვიზიტებს აფხაზეთში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად მოითხოვს, რომ ეს ვიზიტები შეთანხმებული იყოს თბილისთან”,– ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში.


აფხაზური საინფორმაციო სააგენტოები იუწყებოდნენ, რომ ვიზიტის დროს პაპის ნუნცია აფხაზეთს ჰუმანიტარული დახმარებას დაპირდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რომის პაპის ნუნციამ დაარწმუნა ქართული მხარე, რომ ყველა ჰუმანიტარული დახმარება თბილისთან იქნება შეთანხმებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button