skip to content
ახალი ამბები

აფხაზმა სპიკერმა გაეროს წარმომადგენელს მოქალაქეობის შესახებ კანონი გააცნო

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტის სპიკერმა ნუგზარ აშუბამ 28 ოქტომბერს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილესთან ივო პეტროვთან გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ ახლადმიღებული კანონის თაობაზე ისაუბრა, რომელიც დისკრიმინაციას უწევს თითქმის ყველა ეთნიკურ ქართველს და სხვა ეროვნების პირებს, რომელთაც აფხაზეთი 1993 წელს, კონფლიქტის დასრულების შემდეგ დატოვეს.


“ჩვენ არავის არ დავაძალებთ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღებას“, –  განაცხადა აშუბამ მხედველობაში ჰქონდა რა გალში მცხოვრები ქართველი მოსახლეობა. “იმ შემთხვევაში თუ მათ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა და არ სურთ მისი შეცვლა, მაშინ მიიღებენ აფხაზეთში ცხოვრების უფლებას“, – იუწყება “რეგნუმი“ აშუბას სიტყვებზე დაყრდნობით.


ახალი კანონით, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 24 ოქტომბერს დაამტკიცა, დაშვებულია აფხაზეთის მოქალაქისთვის იმავდროულად მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება.


აშუბას განმარტებით, აფხაზეთის მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილებისთვის უნდა ჰქონდეთ რუსული პასპორტებიც. “აფხაზეთის მცხოვრებთა მიერ რუსული მოქალაქეობის მიღება არ ნიშნავს, რომ [თვითგამოცხადებული]  რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, ჩვენ ჩვენს დამოუკიდებელ სახელმწიფოს ვაშენებთ“, – აცხადებს ნუგზარ აშუბა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button