
ხაინდრავა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებზე საუბრობს
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას ინფორმაციით, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების თავმჯდომარე, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ირაკლი ალასანია აშშ-ში იმყოფება, სადაც მოლაპარაკებებს აწარმოებს “ქართულ-აფხაზური სამშვიდობო პროცესის თაობაზე“.
“ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმები და წინადადებები[კონფლიქტის მოგვარების თაობაზე]… სოჭში [7-8 ოქტომბერს] შეხვედრის შემდეგ ურთიერთობებმა ჩვენსა და აფხაზებს შორის უფრო ინტენსიური, ორმხრივი ხასიათი მიიღო… პერსპექტივები არის ძალიან კარგი“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
გიორგი ხაინდრავას ინფორმაციით, გაეროს ეგიდით ქართულ-აფხაზური შეხვედრა, რომელიც 20-21 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, უახლოეს პერიოდში ირაკლი ალასანიას აშშ-დან თბილისში დაბრუნების შემდეგ შედგება.
სახელმწიფო მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა 17-23 ოქტომბერს ქართველ, აფხაზ და რუს ექსპერტთა ერთობლივი ჯგუფის მიერ ფსოუ-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის ტექნიკური შემოწმების პროცესი.
ხაინდრავას თქმით, 24–25 ოქტომბერს მოსკოვში რუსულ მხარესთან მისი შეხვედრისას გადაწყდა, რომ შეიქმნება საერთაშორისო კონსორციუმი, რომელიც პირველ ეტაპზე დაიწყებს სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენას, ხოლო შემდეგ მართვას.