skip to content
ახალი ამბები

ცსკ: არჩევნები ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს

დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ)თავმჯდომარემ გია ქავთარაძემ განაცხადა, რომ ქობულეთის, ბათუმის, შუახევის, ტყიბულისა და ისნის საარჩევნო ოლქებში, სადაც პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთა არჩევნები მიმდინარეობს, უბნები დილის 8 საათიდან გაიხსნა.


ქავთარაძის განცხადებით, 223 უბნიდან მხოლოდ ისნის საარჩევნო ოლქის უბანი #35 გაიხსნა დაგვიანებით, “რის მიზეზებსაც ვარკვევთ, თუმცა ამჟამად ეს უბანი გახსნილია და არჩევნების პროცედურა მიმდინარეობს“.


“საერთო ჯამში არჩევნები ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს და დარღვევებს ადგილი თითქმის არ აქვს“, – განაცხადა გია ქავთარაძემ.


ცსკ–ს თავმჯდომარის განცხადებით, დილიდანვე ტყიბულისა და ქობულეთის ამომრჩეველი განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა.


თითოეულ ოლქში მოსახლეობის აქტივობის შესახებ მონაცემებს ცსკ დღის განმავლობაში რეგულარულად გამოაქვეყნებს.

თუმცა გასულ წელს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, მხოლოდ შუალედური და ხელახალი არჩევნებისათვის მოიხსნა შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისათვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1/3–ს მაინც უნდა მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. ამდენად, მიმდინარე არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისათვის ამომრჩეველთა მინიმალური აქტივობაც საკმარისია.

იმისათვის, რომ მაჟორიტარი კანდიდატი გამარჯვებულად გამოცხადდეს, უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეთა (თეორიულად ეს შეიძლება ერთი ამომრჩეველიც იყოს) ხმების არანაკლებ 1/3.  



 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button