skip to content
ახალი ამბები

ცხინვალი სამშვიდობო ინიციატივაზე განცხადებას ავრცელებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 10-11 ივლისს ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი სამშვიდობო ინიციატივა “პროპაგანდისტული გამოვლინებაა, სადაც საქართველოს ხელისუფლების აგრესია შეიმჩნევა“.


ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართული მხარე მზად არის სამხრეთ ოსეთს მიანიჭოს “აბსოლუტური თვითმმართველობა“ და ფართო ავტონომია საქართველოს შემადგენლობაში.


“სამხრეთ ოსეთი არ საჭიროებს ფართო ავტონომიას საქართველოს შემადგენლობაში“, იუწყება დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კონფერენციის მოწყობა “მორიგი PR–აქცია იყო, რომელიც გათვლილი იყო საზოგადოებრივ აზრსა და საქართველოს დასავლელ მფარველებზე, ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს ქართულ-ოსური ურთიერთობების დარეგულირების მიზნით მოლაპარაკებათა პროცესის წარმართვას“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button