skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა თბილისის თვითმმართველობის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

დღეს პარლამენტის საგანგებო სხდომამ  112 ხმით 11–ის წინააღმდეგ მეორე მოსმენით მიიღო დედაქალაქის–თბილისის შესახებ კანონპროექტი, რომელიც საკრებულოსა და მერის ახალი წესით არჩევას ითვალისწინებს.


საპარლამენტო ოპოზიციის “ახალი მემარჯვენეებისა” და “კონსერვატორების” წარმომადგენლებმა, რომლებიც “რესპუბლიკელებთან” ერთად ხელისუფლების მიერ ინიცირებულ თბილისის თვითმმართველობის ახალ მოდელს ეწინააღმდეგებიან, განხილვაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.


კანონპროექტის მიხედვით, თბილისის საკრებულოს 25 წევრი მაჟორიტარულ საწყისებზე, “მოგებულს ყველაფერი რჩება” პრინციპით ირჩევა, ხოლო 12 წევრს პროპორციული წესით აკომპლექტებენ 4%–იან ბარიერგადალახული პარტიები. 37–წევრიანი საკრებულო კი თავისი შემადგენლობიდან ხმების 2/3–ით ირჩევს თბილისის მერს საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, 4 წლით. თუმცა კანონპროექტით გათვალისწინებულია ასევე მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები. მოქმედი კანონით მერს პრეზიდენტი ნიშნავს.


“წარმოდგენილი ვარიანტით, მერი ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ ამომრჩევლებისა და საკრებულოს წინაშე“, აცხადებს კანონპროეტის ავტორი, “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.


მისი თქმით, საკრებულოსა და მერის არჩევის კონკრეტული წესები საარჩევნო კოდექსის ცვლილებებში აისახება, რომელსაც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობა არ გამორიცხავს, რომ ამ ცვლილებებით საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება დამოუკიდებელ კანდიდატებსაც მიენიჭოთ.


ამასთან “ნაციონალური მოძრაობის“ ვარიანტით უქმდება თბილისის პრემიერის თანამდებობა. ასევე საბიუჯეტო საკითხებში მერის უფლებები იზრდება. კერძოდ, სარეზერვო ფონდებისა და თავისუფალი სახსრების განკარგვის უფლება საკრებულოსთან ერთად მერსაც მიენიჭება. 


ოპოზიციური “ახალი მემარჯვენეების“ ალტერნატიული ინიციატივა თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით, რომელსაც დანარჩენი ოპოზიციური პარტიებიც ეთანხმებიან, პარლამენტმა პირველი მოსმენით 23 ივნისს ჩააგდო.


“ამით სერიოზული ბზარი გაჩნდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას და ხელისუფლებას და საზოგადოებას შორის“, განაცხადა 30 ივნისს “რესპუბლიკელების“ წარმომადგენელმა ივლიანე ხაინდრავამ.


ბოლო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, თბილისელთა უმრავლესობა მხარს მერის პირდაპირის წესით არჩევას უჭერს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button