skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი უარყოფს სამხრეთ ოსეთისთვის სამხედრო ტვირთის გაგზავნის ფაქტს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგარეო უწყებამ წინასწარ აცნობა ქართულ მხარეს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისთვის ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის თაობაზე.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ 25 ივნისს მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის ინიციატივით სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა გააპროტესტა იმ მოტივით, რომ ეს ქმედება ქართულ მხარესთან არ იყო შეთანხმებული.  მისი თქმით, “ტვირთის შემადგენლობაც სცილდებოდა ჰუმანიტარულ დანიშნულებას“.


რუსეთის საგარეო უწყება უარყოფს ინფორმაციას, რომ მოსკოვის მერის ინიციატივით სამხრეთ ოსეთისთვის გაგზავნილი ტვირთი სამხედრო დანიშნულების ნივთებსაც შეიცავდა.


“მოსკოვის მერიამ ტვირთის გამოგზავნის ცერემონიალზე დასასწრებად მიიწვია მოსკოვში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, რათა დარწმუნებულიყვნენ ტვირთის სამშვიდობო დანიშნულებაში, მაგრამ საელჩომ ეს მოწვევა არ გამოიყენა“, ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ 29 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.


“გვინდა შევახსენოთ ქართულ მხარეს, რომ საქართველომ და რუსეთმა 2000 წლის 23 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთქმედებას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ეკონომიკის რეაბილიტაციის და დევნილთა დაბრუნების საკითხებში. ეს შეთანხმება კვლავ ძალაშია. დოკუმენტის მე-3 გვერდზე წერია: “მხარეებმა მხარი უნდა დაუჭირონ რუსეთის და საქართველოს ადმინიტრაციულ-ტერიტორიული ორგანოების, საწარმოების და ორგანიზაციების ინიციატივებს დახმარება აღმოუჩინონ სამხრეთ ოსეთის მხარეს სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაში, რაც ეკონომიკის შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად”, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button