skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია 2006 წლის ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

ოპოზიციურმა პარტიებმა – “რესპუბლიკელებმა“, “კონსერვატორებმა“, “ახალმა მემარჯვენეებმა“ და ლეიბორისტებმა 23 ივნისს განაცხადეს, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას თბილისში 2006 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში.


ამ განცხადებას წინ უძღოდა პარლამენტის მიერ 23 ივნისს პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი ახალი წესის დამტკიცება თბილისის საკრებულოს და მერის არჩევის შესახებ.


“ეს ის კანონია, რომელიც ერთპარტიული დიქტატურის დამყარებამდე მიგვიყვანს და გვირჩევნია არ მივიღოთ მონაწილეობა ამ [2006 წლის ადგილობრივ] არჩევნებში“, განაცხადა ახალი მემარჯვენეები-მრეწველების კოალიციის ლიდერმა, დეპუტატმა დავით გამყრელიძემ 23 ივნისს გამართულ საპარლამენტო სხდომაზე.


“ჩვენც არ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში; იგივე გადაწყვეტილება მიიღო პარტია “თავისუფლებამ“, განაცხადა”კონსერვატორების“ ლიდერმა, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა სხდომაზე.  


“ლეიბორისტული პარტია ვერანაირ აზრს ვერ ხედავს, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში“, განაცხადა დეპუტატმა თემურ დოლიშვილმა ლეიბორისტული პარტიიდან.


რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით ბერძენიშვილის თქმით, თბილისის საკრებულოს და მერის არჩევის ახალი წესის მიღება “არის ნაბიჯი პოლიტიკური კონფრონტაციისკენ“.


ხელისუფლების ინიციატივა გულისხმობს პროპორციული არჩევნების სისტემის შეცვლას ახალი, სხვადასხვა ქვეყნებში საკმაოდ გავრცელებული მოდელით, რომელსაც პირობითად “მოგებულს ყველაფერი რჩება” სახელით არის ცნობილი (A First-Past-the-Post “Winner Takes All” System). ნაცვლად პრეზიდენტის მიერ დანიშვნისა, მერს საკრებულო ირჩევს.


კერძოდ, შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, თითოეულ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია დაასახელოს სამი ან ორი კანდიდატი საკრებულოს წევრობისთვის თბილისის თითოეულ საარჩევნო ოლქში. სულ თბილისში 10 ოლქია. დიდ ოლქებში – ასეთი კი ხუთია: საბურთალო, ნაძალადევი, გლდანი, სამგორი და ისანი – პარტიებს შეუძლიათ წარადგინონ სამი კანდიდატი თითოეულში; ხოლო დანარჩენ ხუთ, შედარებით მცირე ოლქებში, თითოეულ პარტიას შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ორი კანდიდატი. მხოლოდ ის პარტია შეძლებს კანდიდატურების საკრებულოში გაყვანას, რომელიც არჩევნებში ყველაზე მეტ ხმებს დააგროვებს. ამ სისტემით საკრებულოში 25 ადგილი შეივსება.


დანარჩენ 12 ადგილს კი ის პარტიები დაიკავებენ, რომლებიც 4%-იან ბარიერს გადალახავენ ათივე საარჩევნო ოლქში მიღებული საერთო ხმების მიხედვით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button