ახალი ამბები

ბარამიძე ოქრუაშვილს უპირისპირდება და მთავრობაში განხეთქილების საფრთხეზე საუბრობს

ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა თავდაცვის მინისტრის პოსტი, დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე დაგმო ახალი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება, რომ ცალკეულმა მაღალჩინოსნებმა “არმია უარეს მდგომარეობაში ჩააყენეს, ვიდრე ის რევოლუციამდე იყო” და მას “აბსურდული” უწოდა.


ოქრუაშვილმა 4 იანვარს გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის სისტემაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას “საგანგაშო” უწოდა და გენერალური პროკურატურისაგან თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებზე, მათ შორის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეზე პაატა გაფრინდაშვილზე, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა მოითხოვა.  ოქრუაშვილმა ასევე დასძინა, რომ მისი წინამორბედი გიორგი ბარამიძე სისტემაში აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით გარემოცვას შეცდომაში ჰყავდა შეყვანილი.


გიორგი ბარამიძემ, რომელიც მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც ითავსებს, განაცხადა, რომ ოქრუაშვილმა საზოგადოება “შეცდომაში შეიყვანა” და თავდაცვის მინისტრის მიერ სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით მოყვანილ მაგალითებს “ტყუილი” უწოდა.


ბარამიძემ ოქრუაშვილი მის წინააღმდეგ “ინტრიგების ხლართვაში” და ხელისუფლებაში “განხეთქილების” შეტანის მცდელობაში დაადანაშაულა.

“მე ვხედავ ხელისუფლებაში განხეთქილების შეტანის რეალურ საფრთხეს, რაც არ უნდა დავუშვათ”, განაცხადა ბარამიძემ. 


ქართული მედია საუბრობდა “პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდს”, რომელშიც მოიაზრება თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და “პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გუნდს” შორის, სადაც გიორგი ბარამიძე შედის, დაპირისპირების თაობაზე.


“გარკვეული შეუთანხმებლობა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ეს საჯაროდ არასოდეს გამოგვიტანია. ჩვენ ეხლაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელისუფლებაში ერთიანობა შევინარჩუნოთ, რადგან ხელისუფლების გახლეჩა მხოლოდ ჩვენს მტრებს აწყობთ,” განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

“რა განწყობით შევიდა ოქრუაშვილი იმ კაბინეტში, რომელშიც ექვსი თვის განმავლობაში ვიმყოფებოდი? იგი შედის და აცხადებს, რომ კაცმა არ იცის აქ ეძინათ თუ მუშაობდნენ-ო. ეს არ არის ის განწყობა და დამოკიდებულება, რაც უნდა ჰქონდეს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ერთმანეთის მიმართ”, აცხადებს ბარამიძე.

მისი თქმით ოქრუაშვილის მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება “არის სამარცხვინო”.

“მე ვთვლი, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება, ყველა ციფრზე იქნება კონკრეტული დასკვნა და ყველა კითხვაზე გაიცემა პასუხი. მე ამაში ვარ დარწმუნებული და დაინტერესებული“, დასძინა მან.

“სამწუხაროა, რომ ოქრუაშვილს უნდა წარმოაჩინოს, რომ თავდაცვის სამინისტროში თურმე იმაზე მძიმე მდგომარეობაა ვიდრე რევოლუციამდე. ეს, რბილად რომ ვთქვად, არაკეთილსინდისიერი განცხადებაა. გამოდის რომ, როცა ჯარში მიღწეულ წარმატებებზე საუბრობდნენ პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, უამრავი კომპეტენტური პირი , მაშინ ისინი ტყუოდნენ”, განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

Back to top button